ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი

1948 წლის 10 დეკემბერს, პარიზში მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის უფლებების დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის საფუძველს წარმოადგენს.
საფრანგეთისთვის, აღნიშნული დეკლარაციის 70-ე წლისთავი, საბაბია იმის შესახსენებლად, რომ ადამიანის უფლებები დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს მთელ მსოფლიოში.

PNG

შემაშფოთებელი კონტექსტი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავის აღნიშვნა 2018 წლის 10 დეკემბერს შემაშფოთებელ კონტექსტში ხდება. კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების რაოდენობა იზრდება, რომელთა ძირითადი მსხვერპლნი ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები არიან.
მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად მცირდება მოქალაქეთა თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის განსაზღვრული სივრცე. თვით გაეროს შიგნითაც, ზოგიერთი სახელმწიფო კითხვის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების უზენაესობასა და უნივერსალურობას.

საფრანგეთმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დააჯილდოვა

წელს პირველად, ადამიანის უფლებათა საკონსულტაციო ეროვნულმა კომისიამ (CNCDH), რომელიც საფრანგეთის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოა ადამიანის უფლებების დარგში, საფრანგეთის რესპუბლიკის 2018 წლის ადამიანის უფლებების პრემიის «განსაკუთრებული შეფასება» ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას მიანიჭა.

ადამიანის უფლებების დარგში საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია საერთაშორისო კონკურსია, რომლის ჟიურიც CNCDH-ის წევრებისგან შედგება.

აღნიშნული ჯილდოთი საფრანგეთმა გამოარჩია არასამთავრობო ორგანიზაცია «სოხუმი», რომელიც 15 წელზე მეტია აფხაზეთის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინტეგრაციის სასარგბელოდ მოღვაწეობს. საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, მ.ა. პასკალ მენიე აღნიშნულ პრიზს არასამთავრობო ორგანიზაციას «სოხუმი», თბილისში, 12 დეკემბერს გადასცემს.

ადამიანის საყოველთაო უფლებები

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი საბაბია იმის შესახსენებლად, რომ ადამიანის უფლებები არ არის ის « ღირებულებები », რომლებიც ადგილობრივ კულტურებსა და თვითმყოფადობას უნდა მიესადაგოს. ადამიანის უფლებების დაცვა - ეს არა პოლიტიკური არჩევანია, არამედ -იურიდიული ვალდებულება. ესაა საყოველთაო ვალდებულებები, სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც გარანტირებულია იძულებითი იურიდიული ძალის მქონე ოფიციალური დეკლარაციებით ან ხელშეკრულებებით.

საფრანგეთის ჩართულობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით

საფრანგეთი მუხლჩაუხრელად შრომობს ადამიანის უფლებების უნივერსალურობისა და უზენაესობის დაცვისთვის. ამ უფლებების დაცვისთვის ბრძოლა საფრანგეთის რესპუბლიკის დამაარსებელი პრინციპების ნაწილია და მისი საგაეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილია. საფრანგეთის პრიორიტეტია, რომ ხელახლა შეიქმნას სამართლებრივი სივრცე ადამიანის უფლებების დასაცავად.

ამგვარად, საფრანგეთი მხარს დაუჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქმედებას როხინჯას უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხში. საფრანგეთი, ასევე, ყველა სახელმწიფოს, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, მოუწოდებს, რომის სტატუტს შეუერთდეს.

ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების ადგილი გაეროს ყველა სამოქმედო სფეროში.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმები, რომელთაც საფრანგეთი მხარს უჭერს დაარსებიდანვე, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ მიღწევის ხელშეწყობასა და განხორციელებაში.

სწორედ ამიტომ, საფრანგეთი ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის კანდიდატი იქნება 2021-2023 წლისთვის.

« ჩვენ ვდასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანის უფლებათა გავრცელების საერთაშორისო სისტემის, სამართლებრივი ნორმების ძალისა და მრავალმხრივი სტრუქტურების მიმართ. ეს საუკეთესო პატივია, რაც შეგვიძლია მივაგოთ მათ, ვინც 70 წლის წინ შეადგინა საყოველთაო დეკლარაცია მსოფლიო კონფლიქტის ნანგრევებზე, რომელმაც ევროპის კონტინენტი გაანადგურა.
1948 წლის უნივერსალური მონაპოვარი ჩვენი მემკვიდრეობაა, კაცობრიობის « საერთო სიკეთეა », რომლის დაცვისთვისაც მზად ვართ და შემართებით განვახორციელებთ. »
ჟან-ივ ლე დრიანი, გაეროს გენერალური ასამბლეა, 2018 წლის 26 სექტემბერი

გამოქვეყნებულია 17/12/2018

გვერდის დასაწყისი