« გი სავუას » 2018 წლის ნოემბრის კვირეული საქართველოს პატივსაცემად [fr]

საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, « გი სავუას » სამი პარიზული ბრენდი Le Chiberta, Les Bouquinistes და L’Atelier Maitre Albert საქართველოს პატივსაცემ კვირეულს მართავენ.

PNG
ეს 3 რესტორანი 12-დან 16 ნოემბრამდე სტუმრებს ქართულ ღვინოს შესთავაზებს. კვირეული პარასკევს, 16 ნოემბერს დეგუსტაციითა და ფრანგულ-ქართული ვახშმით (დეტალები იხილეთ ქვემოთ) დაიხურება.

აღნიშნული ღონისძიებები წარმოაჩენენ საფრანგეთისა და საქართველოს გასტრონომიულ მემკვიდრეობასა და მათთვის საზიარო ცნებებს, ღვინის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მჭიდრო ურთიერთობას ნიადაგთან.

ორივე ქვეყანა იმ იშვიათ ქვეყანათა შორისაა, რომელთა კულინარიული ტრადიცია იუნესკოს მიერაა დაცული კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში : ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი საქართველოში, ხოლო კერძებისა და ღვინის შეხამების ხელოვნება საფრანგეთში.

ეს ღონისძიება, რომელიც ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ნაყოფია, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერაა ინიცირებული, რომელმაც გი სავუას გუნდი საქართველოს მემკვიდრეობის აღმოსაჩენად და 2018 წლის აპრილში, « ფრანგული გასტრონომიის » მასტერ კლასის ჩასატარებლად მოიწვია. ბორდოს ღვინის მუზეუმში გამართულმა გამოფენამ « საქართველო : მეღვინეობის აკვანი » ჯერ კიდევ 2017 წელს მოჰფინა ნათელი საქართველოს როლს მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში.

დეგუსტაცია 16 ნოემბერს Le Chiberta-ში, 11სთ30წთ-დან 14სთ30წთ-მდე ფურშეტის თანხლებით

ეს დეგუსტაცია განახლებული ქართული მეღვინეობის წარმომადგენლობითი მამულების მესაკუთრეებთან შეხვედრის ან თუნდაც, უძველეს და ევროპულ ჯიშებს შორის, ღვინის დაყენების მამა-პაპურ და თანამედროვე მეთოდებს შორის ჰარმონიის ძიების საშუალებას მოგცემთ.

  • « ლუკასი » წინანდალი რეზერვი 2015, საფერავი 2014

« ლუკასი » ახალგაზრდა და დინამიური მამულია. ორიენტირებულია რა ხარისხზე, მისი წარმოება რაოდენობრივად ლიმიტირებულია. საფერავი 2014-მა ჯენსის რობინსონის საუკეთესო შეფასება მიიღო, ხოლო 91 ქულა Wine Enthousiast-გან დაიმსახურა. ქეთი, კომპანიის დამფუძნებელი, გამოარჩევს ადგილობრივ ჯიშებს, რომლებიც მას იაპონიასა და აშშ-ში გააქვს. საფრანგეთში, « ლუკასი » Château Angélus-ის მამულის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა სასტუმრო-რესტორანმა Logis de la Cadène შეარჩია და საკუთარ მენიუში შეიტანა.

  • « წინანდლის მამული » ნათელა 2017, საფერავი რეზერვი 2014

კახეთში მდებარე წინანდლის მამული მდიდარი ისტორიის მქონე ადგილია. ცნობილმა თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786-1846), რომელიც ევროპული ღვინის კულტურას ახლოს იცნობდა, მას მეღვინეობის მნიშვნელობა მიანიჭა. წინანდლის მამული, რომელმაც საქართველოში პირველმა ჩამოასხა ბოთლში ღვინო, დღესაც აგრძელებს ქვევრში დაღვინების ტრადიციული მეთოდისა და მუხის კასრებში დაძველების თანაარსებობის ტრადიციას. წარმოდგენილი იქნება საფერავის 173-ე მოსავლის ღვინო.

  • « შატო მუხრანი » მუხრანბატონის რეზერვი 2015, გორული მწვანე

“შატო მუხრანის” ისტორია XVI საუკუნიდან იწყება. საქართველოს შუაგულში, ქართლის რეგიონში მდებარე “შატო მუხრანი” თავის ძალისხმევას მაღალი დონის ღვინის წარმოებისკენ და ხარისხიანი ტურიზმის განვითარებისკენ მიმართავს. მისი ღვინოები მედელბის ხშირი მფლობელები ხდებიან, 2015 წლის “მუხრანბატონის რეზერვმა” Decanter-ის 91 ქულა მიიღო.

  • “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია” თამადა ქვევრი 2014, გრანდ რეზერვი 2014

43 წლის წინ დაარსებული “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია” 2018 წლისთვის უკვე აღიარებული მამულია (48 საერთაშორისო ჯილდო უკანასკნელი 4 წლის მანძილზე). იგი მთელი საქართველოს მასშტაბით 400ჰა-ზეა გადაჭიმული. თამადა ქვევრი 2014 - CWSA-ს ოქროს მედლის ორგზის, Decanter-ის 90 ქულის მფლობელი, ქართული ტრადიციის საუკეთესო მაგალითია თანამედროვეობის შტრიხით. გრანდ რეზერვმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 2018 წლის International Wine Challenge-ზე.

“ორი შეფის ვახშამი” 16 ნოემბრის საღამოს Le Chiberta-ში

ამ ფრანგულ-ქართულ ვახშამს Gault & Millau-ს მიერ საქართველოში წლის შეფ-მზარეულად დასახელებული თეკუნა გაჩეჩილაძე და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი სტეფან ლარუელი მოამზადებენ. 7 სერვისისგან შემდგარ და კერძებისა და ღვინის შეხამებით გამორჩეულ ვახშამზე, რესტორანს შესაძლებლობა აქვს 70 სტუმარი მიიღოს 4 და 8 ადგილიან მაგიდებთან.
დამატებით იხილეთ : https://www.lechiberta.com/

გამოქვეყნებულია 19/11/2018

გვერდის დასაწყისი