ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით შემდეგ განცხადებას აკეთებს (26/10/2015)

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს. ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, თუმცა სიტუაციის შესწავლაც უფრო ინტენსიური გახდა. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია დღემდე მიღწეული რეფორმების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო საქართველოს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული სასამართლო საქმის კომენტირებისგან, თუმცა გვაწუხებს საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ; მოველით, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯუფლების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით.

ევროკავშირი იზიარებს და მხარს უჭერს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზანს, გააგრძელოს რეფორმები და უზრუნველყოს თავისუფალი და წესრიგზე დაფუძნებული არჩევნები. გვჯერა, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი მთავრობის მიერ უმაღლეს პრიორიტეტად იქნება აღიარებული. ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის წვდომა მედიასაშუალებებზე დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან.

publie le 02/11/2015

hautdepage