ევროკომისიის მეორე ანგარიში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში [fr]

ევროკომისიის შეფასება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაცვის საკითხში : დამატებითი ზომებია საჭირო არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით

დღეს კომისია წარადგენს ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების შეფასების შესახებ უვიზო რეჟიმის მქონე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების - ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის, მონტენეგროს და სერბიის, ისევე როგორც უვიზო რეჟიმის მქონე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ. მოცემული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება, თუმცა რიგ ქვეყნებში მაინც დგას რამდენიმე კონკრეტულ სფეროში მოქმედების - ზოგ შემთხვევაში გადაუდებელი - საჭიროება, ამ შესრულების გაგრძელების უზრუნველსაყოფად.

მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში კომისარმა დიმიტრის ავრომოპულოსმა განაცხადა: "უვიზო მიმოსვლა ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპიდან დიდი მიღწევაა, რომელსაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. მას ასევე ახლავს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყანა კვლავაც ასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთ ქვეყანას მოვუწოდებთ სწრაფი და გაძლიერებული ძალისხმევისთვის გააგრძელონ არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ასევე კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ".

უვიზო მიმოსვლას ევროპასა და მისი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს, რაც სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებს. მას ასევე ახლავს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგების დროს მიღწეული პროგრესი და მიგრაცია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემო კარგად იყოს მართული. დღევანდელი ანგარიში 2017 წლის დეკემბერში კომისიის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულებას ამოწმებს და ბოლო წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ განხორციელებულ ზომებს აფასებს.

საჭიროა შემდგომი ძალისხმევა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად

მიუხედავად იმისა, რომ რვავე ქვეყანამ მიიღო ზომები არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა გასაუმჯობესებლად და მდგრადი შედეგების უზრუნველსაყოფად:

  • ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი უკრაინიდან, სერბეთიდან და ბოსნია და ჰერცოგოვინიდან კვლავ მაღალი რჩება, ხოლო მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების რიცხვის გაზრდა შეშფოთების წყაროა;
  • ალბანეთმა ეფექტური ზომები მიიღო არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად, რომლის შედეგადაც 2018 წლის პირველ ნახევარში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რიცხვი 32% -ით შემცირდა. ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს;
  • საჭიროა მეტი მუშაობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობისთვის. სერბეთმა ირანს უვიზო რეჟიმი შეუწყვიტა, მაგრამ შემაშფოთებელი რჩება სხვა ქვეყნებისთვის სერბეთში უვიზო მიმოსვლა;
  • თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით შეუფერხებლად გრძელდება ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანასთან. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობები გაუმჯობესებისთვის, კერძოდ, მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რეადმისიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სერბეთში.

დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორებთან ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაეხმარება არალეგალური მიგრაციის საკითხის მოგვარებას. უკვე გაფორმდა პირველი შეთანხმება ალბანეთთან; სერბეთმა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ; და სრულდება პროცედურები ამ მიმართულებით მონტენეგროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის.

მეტი ქმედებებია საჭირო ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული ზომების მიუხედავად მიუხედავად, რვავე ქვეყნისგან დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. მოლდოვასა და უკრაინას მოეთხოვება დაუყოვნებლივი ქმედებები კორუფციასთან მიმართებაში:

  • ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები 8 ქვეყანიდან აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივი ქმედებების ფართო სპექტრში ევროკავშირის მასშტაბით, რაც მოიცავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას, საკუთრების ხელყოფას, ფულის გათეთრებას, ადამიანებით ვაჭრობას, მიგრანტთა კონტრაბანდას და კიბერდანაშაულს.
  • თუმცა მოლდოვამ მიიღო ზომები ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რაც აღნიშნულია 2017 წლის დეკემბრის პირველ ანგარიშში, მოლდოვასთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმა;
  • მეტი ძალისხმევაა საჭირო უკრაინისგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ადრინდელი რეფორმების სრული განხორციელება და მდგრადობა უზრუნველყოს და 2017 წლის დეკემბერში მიღებული შეუსრულებელი რეკომენდაციები შეასრულოს.

შემდეგი ნაბიჯები

ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას და ანგარიშს წარუდგენს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

ზოგადი ინფორმაცია

დღევანდელი ანგარიში პასუხობს ევროკომისიის ვალდებულებას სავიზო რეჟიმის შეჩერების გაძლიერებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის მარტში იქნა მიღებული და ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა უწყვეტი შესრულების მონიტორინგს, აგრეთვე ამ საკითხებზე ანგარიშგებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთან სულ მცირე წელიწადში ერთხელ. დღევანდელი ანგარიში მეორეა სავიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მოჰყვება 2017 წლის დეკემბრის პირველ ანგარიშს.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შეფასება შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და გზამკვლევების თანახმად. ესენია, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, სადაც აუცილებელია შემდგომი მუშაობა მდგრადი პროგრესის მისაღწევად.

მონტენეგროს, სერბეთისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა 2009 წლის დეკემბრის შემდეგ შეუძლიათ. ალბანეთისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს კი ამის შესაძლებლობა 2010 წლის მიწურულიდან აქვთ. მოლდოვას რესპუბლიკისთვის უვიზო მიმოსვლა 2014 წლის აპრილიდან ამოქმედდა, საქართველოსთვის - 2017 წლის მარტიდან, ხოლო უკრაინისთვის 2017 წლის ივნისიდან.

გამოქვეყნებულია 18/01/2019

გვერდის დასაწყისი