ელჩის მიმართვა

SEMA - JPEG

2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ ახალი ეტაპი გადალახა. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მთელი საქაართველოსათვის პოზიტიური გარდაქმნების მომტანი და იმის დასტური, რომ ქვეყანა მტკიცედ დგას რეფორმებისა და პროგრესის გზაზე.

გასულ წელს მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა, ლორან ფაბიუსის ვიზიტი აპრილში, შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი მაისში. ძლიერდება ურთიერთობები ჩვენ ორ ხალხს შორის, კერძოდ ეკონომიკის დარგში. დაიწყო თანამშრომლობა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებში. ფრანგული კომპანია საბაგირო ტრანსპორტის ახალ ხაზებს აშენებს სამთო-სამრეწველო ქალაქ ჭიათურაში.

ფრანგული ენის სწავლება კვლავ ძლიერდება: საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ორი წლის წინ დაარსებული ფონდი ფართოვდება. ათი საჯარო სკოლიდან, რომლებშიც ფრანგული ენის გაკვეთილები კვლავ აღდგა, ჩვენ უკვე თოთხმეტზე გადავედით და ახლა ფრანგულ ენას 1200 მოსწავლე ეუფლება.

თავს ვალდებულად ვთვლი აღვნიშნო, რათა მივესალმო, ის ამაღელვებელი სოლიდარობა, რომელიც ყველა ქართველმა გამოხატა პარიზში იანვრის დასაწყისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. მადლობა საქართველოს მისი ერთგულებისათვის დემოკრატიის ისეთი ფუნდამენტალური ღირებულებების მიმართ, როგორიცაა ტოლერანტობა და სიტყვის თავისუფლება.

გილოცავთ 2015 წელს და გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

ოქტომბერი 2013

« საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობის ფონდი», რომლის დაარსების აუცილებობაზეც ერთი წლის წინ მოგახსენეთ, უკვე რეალობაა : 2013 წლის სექტემბრისათვის ფრანგული ენა მესამედან მეექვსე კლასამდე ისწავლება საქართველოს ათ საჯარო სკოლაში, გურჯაანიდან ბათუმამდე. ეს პროექტი სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობით შეიქმნა და მას აქტიური ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრმა საწარმოებმა, რისთვისაც მათ გულწრფელ მადლობას მოვახსენებ.

სხვა კარგი სიახლეა პარტნიორული პროექტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის. საგარეო საქმეთა მინისტრმა მ.ა. ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ დაადასტურა თავისი სურვილი დიპლომატთა და მოხელეთა მომზადების პროგრამის სწრაფად განხორციელების თაობაზე.

ეს განსხვავებული პროექტები ნათლად მეტყველებს ფრანგულ-ქართული ურთიერთობის დინამიკურობაზე, რომლის თანმშრომლობის სფეროებს მიმდინარე წელს კიდევ ემატება მართლმსაჯულება (ნოტარიუსთა კორპუსის რეფორმა) და სოფლის მეურნეობის განვითარება (სასოფლო-სამეურნეო კრედიტების ექპერტიზა, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო ახორციელებს).

საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მომავალი ვიზიტი პარიზში ასევე თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების მომასწავებელია.

დეკემბერი 2012

საქართველოში ჩამოსვლისთანავე მიზნად დავისახე ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობა. მიმაჩნია, რომ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრს ფრანკოფონთა სოლიდური ბირთვი ესაჭიროება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და ასევე ევროპაში ინტეგრირებისათვის. ევროპა არის ორიგინალური გეოპოლიტიკური კონსტრუქცია, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ენობრივი მრავალფეროვნებაა. ამიტომ ევროპის საბჭომ თავის წევრ ქვეყნებს ორი უცხო ენის სავალდებულო სწავლების შემოღება ურჩია. თანამედროვე მსოფლიოში ინგლისური ენა აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის.

ენის შესწავლა ყველაზე უკეთესია ადრეულ ასაკში. მე შევთავაზე ფრანგული ენის დანერგვის პროგრამა 10 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში. დახმარებისათვის მივმართე სავაჭრო სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველოს წევრ საწარმოებს. მინდა მადლობა გადავუხადო 23 საწარმოს, რომლებიც ჩემს მოწოდებას გამოეხმაურნენ და რომელთა გულუხვობის წყალობითაც ფონდი შეიქმნა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პირველ ქალბატონს სანდრა რულოვსს, რომელიც ფონდის საპატიო თავმჯდომარეობაზე დაგვთანხმდა, და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ გიორგი მარგველაშვილს ამ პროექტის აქტიური მხარდაჭერისათვის.

იანვრის თვიდან თბილისის, ქუთაისის, ფოთის და გურჯაანის 9, მალე კი 10 სკოლაში მე-3-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ფრანგულ ენას ეზიარონ. იმედი მაქვს, რომ მოეწონებათ და რამდენიმე წელიწადში ზოგიერთი მათგანი სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში წავა. ჯერ-ჯერობით ეს მოკრძალებული პროგრამაა. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჩემსავით სჯერა ფრანგულ-ქართული ურთიერთობების განვითარების, თავიანთი წვლილი შეიტანონ მის გასაძლიერებლად.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა თითოეულ ჩვენს მკითხველს ბედნიერი შობა-ახალი წელი ვუსურვო.

ივნისი 2012

სამ თვზე მეტია, რაც თბილისში ჩემი ფუნქციების შესრულებას შევუდექი. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში უამრავი შეხვედრა მქონდა, რამაც საშუალება მომცა შემეფასებინა ფრანგული სათვისტომოს დინამიურობა და საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მტკიცე სურვილი – რასაც სავსებით ვიზიარებ – გაფართოვდეს ურთიერთობები ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის.

ამ მიზნით, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალი იმპულსი მიეცეს ფრანგული ენის სწავლებას, რომელიც მკვეთრად გაუარესდა ამ ბოლო წლების მანძილზე. საფრანგეთის საელჩომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან შეთანხმებითა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით რეაგირება მოახდინოს.
შემოთავაზებულ ზომებზე დაწვრილებით ჩემს შემდეგ გზავნილში მოგახსენებთ.

საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველი ფრანგული კვირეულით აღინიშნება. ეს ღონისძიება, რომელიც 21-24 ივნისს ნაციონალურ მუზეუმში ჩატარდება, ფრანგულ საწარმოებს საშუალებას მისცემს აჩვენონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, როგორიცაა კვების მრეწველობა და ტურიზმი, ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება, და ბოლოს ტრანსპორტი. იგი თბილისის საზოგადოებას საშუალებას მისცემს დააგემოვნოს ფრანგული კულინარული ხელოვნების ნიმუშები და ასევე მონაწილეობა მიიღოს საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისადმი მიძღვილ დებატებში.

ამ ღონისძიებას საქართველოს ფრანგული ინსტიტუტიც შეუერთდება. იგი გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე : « ტურიზმის განვითარება და კულინარული ხელოვნება » და სხვა კულტურულ ღონისძიებებს : კონცერტს, ფოტო გამოფენებს.

თებერვალი 2012


9 თებერვალს, როცა მანქანით ხანგრძლივი მოგზაურობის ბოლოს ირანიდან საქართველოში ჩამოვედი, თრთვილსა და თოვლში ჩაფლული თბილისი მელოდა. მაგრამ ყველა ქართველმა, ვისაც კი შევხვდი, დამამშვიდებელი ღიმილით მითხრა, რომ ეს ცივი ზამთარი, რომლის მსგავსიც ორმოც წელზე მეტია არ ყოფილა, დიდხანს არ გაგრძელდებოდა – და მე მინდა მათი მჯეროდეს!

მინდა ყველა ჩვენს მკითხველს ვუთხრა, რაოდენ სასიხარულოა ჩემთვის თბილისში ჩამოსვლა. ჩემთვის მოწყობილი დახვედრის გათვალისწინებით უკვე ვაცნობიერებ, როგორ უყვართ საფრანგეთი საქართველოში. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი სარკოზი სამი წლის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა და სადაც საფრანგეთმა ძალ-ღონე არ დაიშურა მშვიდობის მხარდასაჭერად, შევძლებ დავეყრდნო უამრავი ადამიანის კეთილ ნებას, რათა წარმატებით შევასრულო ჩემი მისია და კიდევ უფრო განვამტკიცო ურთიერთობები ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის.

სხვათაშორის, საქართველოს ფრანგული დიასპორა სულ უფრო და უფრო იზრდება (უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იგი სამჯერ და მეტად გაიზარდა) და 17 თებერვალს მასთან შეხვედრის შემდეგ დავასკვენი, რომ იგი სიცოცხლისუნარიანია და მრავალ სექტორშია წარმოდგენილი – საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვაჭრობა, ფინანსები, მრეწველობა, რესტორნები, ტურიზმი და ა.შ.

საქართველოს ფრანგები, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ჩვენი თანამემამულე, მიწვეულნი იქნებიან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად აპრილში და მაისში, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში - ივნისში. საელჩო და მისი საკონსულო განყოფილება მათ განკარგულებაშია, რათა დაეხმაროს, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და უზრუნველჰყოს მათი ხმის მიცემის უფლების საუკეთესო პირობებში განხორციელება.

ამიერიდან საელჩო სრულიად ქმედუნარიანია თავის ახალ შენობაში, კრწანისში. ბედნიერი ვარ იმ პერსპექტივით, რომ იქ მივიღებ ყველას, ვინც ისევეა დაინტერესებული საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გამდიდრებითა და განმტკიცებით, როგორც მე და ჩემი გუნდი.

გამოქვეყნებულია 11/09/2015

გვერდის დასაწყისი