« იდეების ღამე » საქართველოში [fr]

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის პატრონაჟით გამართული « იდეების ღამის » ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა და თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა სამსახურმა, 2019 წლის 31 იანვარს, მრგვალი მაგიდა გამართეს შემდეგ თემაზე : "ნარკოტიკების გეოპოლიტიკა - გამოწვევები და საფრთხეები".

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის, იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაცია « მსოფლიოს ექიმები », წარმომადგენლებმა.

თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართული დისკუსია, სახელდობრ, შეეხო საქართველოს მიერ გატარებულ ნარკოპოლიტიკას, უკანასკნელ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებს, ნარკომომხმარებლების მკურნალობას ციხეებში და საზოგადოებაში ინტეგრაციის ახალ ზომებს. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დამსწრეთ წარუდგინა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო და ნარკოტიკების ობსერვატორიის პროექტი, რომელიც ფრანგულ მოდელს ეყრდნობა.

ბ-მა ბრუნო ბალდუკმა, საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ და ბ-მა ირაკლი დონდოლაძემ, კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილემ, აღნიშნული სფეროს ძირითად გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს, ასევე - ნარკოტიკულ ნივთიერებებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზებზე, კერძოდ, ჰეროინით ვაჭრობაზე სამხრეთ კავკასიის გავლით.

არასამთავრობო ორგანიზაციის « მსოფლიოს ექიმები » წარმომადგენელმა მონაწილეებს ნარკოდამოკიდებულთა სამედიცინო და ფსიქოლოგიური ზრუნვის მნიშვნელობა შეახსენა და ხაზი გაუსვა კანონების შემუშავების პროცესში თანამშრომლობისა და ნარკოტიკების ქართული ობსერვატორიის სწრაფად დაარსების აუცილებლობას.

გამოქვეყნებულია 04/03/2019

გვერდის დასაწყისი