მე-11 და მე-12 კლასების აღიარება საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ [fr]

JPEG PNG

მომავალ სასწავლო წელს კავკასიის ფრანგული სკოლა იქნება რეგიონის პირველი ფრანგული სასწავლო დაწესებულება, რომელსაც სწავლების სრული ციკლი ექნება საბავშვო ბაღიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ხოლო მისი პროგრამა იდენტური იქნება საფრანგეთის სახელმწიფოს საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც მიჰყვებიან საფრანგეთის ყველა სკოლაში. ამდენად სკოლის როლი კიდევ უფრო განმტკიცდება, გახდება ტრამპლინი საფრანგეთში უმაღლესი განათლების მისაღებად, ნებისმიერ სფეროში კარიერის გაკეთების პერსპექტივის გასაძლიერებლად და ფრანგული ენისა და კულტურის მძლავრ კერად იქცევა. ეს გადაწყვეტილება გახლავთ სკოლის ხარისხის აღიარება და განამტკიცებს მის პოზიციას თბილისისა და მთელი კავკასიის საერთაშორისო სკოლებს შორის.

2020-2021 სასწავლო წლიდან მე-11 და მე-12 კლასების აღიარებით დასრულდა კავკასიის ფრანგული სკოლის ყველა კლასის აღიარება საბავშვო ბაღიდან დაწყებული ლიცეუმით დამთავრებული და ეს გახლავთ დასტური აქ მიღებული სწავლების ხარისხისა. 2006 წელს შექმნილი ეს სკოლა ხელშეკრულებითაა დაკავშირებული საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოსთან (AEFE), მისი დამამთავრებელი კლასების აღიარება 2019 წელს მიღებული მე-10 კლასის აღიარების დინამიკაში ეწერება.

კავკასიის ფრანგულ სკოლას უფრო თავდაჯერებულად შეეძლება ფრანგულენოვანი, საერთაშორისო ლიცეუმის როლის შესრულება და ეს გაზრდის მის მიმზიდველობას იმ ფრანგი თუ ფრანგულენოვანი სათვისტომოს თვალში, ვინც მოწადინებულია, ხარისხიანი განათლება მისცეს საკუთარ შვილებს. ამდენად ეს წაახალისებს და გააძლიერებს ახალი ფრანგული და ფრანგულენოვანი ოპერატორების წლიდან წლამდე მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო რეისები, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა და 2020 სასწავლო წელს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა.

კავკასიის ფრანგული სკოლის ყველა კლასის აღიარება გააძლიერებს დაწესებულების კოლეჯისა და ლიცეუმის მიმზიდველობას ქართველ და უცხოენოვან მოსწავლეებში, რომელთა კონტიგენტიც მოსწავლეთა სრული ოდენობის ორ მესამედს შეადგენს და კვლავაც მზარდი იქნება. ეს წვლილს შეიტანს ასევე ქართულ საზოგადოებრიობაში ფრანგული ენის გამოყენების, სწავლებისა და გავრცელების განვითარებაში. დამამთავრებელი კლასების აღიარება უცხოელ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს სტიპენდიები მოიპოვონ, სკოლას კი უხსნის პერსპექტივას, გახდეს საგამოცდო ცენტრი და მოსწავლეებს თავიდან აარიდოს სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩასაბარებლად საზღვარგარეთ გამგზავრება.

კავკასიის ფრანგული სკოლის სასწავლო პროცესის სრული აღიარება ეწერება საქართველოში ფრანგული განათლების მიღების ხარისხიანი და მრავალფეროვანი შემოთავაზებების გამარტივებისა და მატების ჩვენს ძალისხმევაში. აღიარება ხელს შეუწყობს კავკასიის ფრანგულ სკოლასა და საქართველოს იმ საჯარო თუ კერძო სკოლებს შორის თანამშრომლობას, სადაც ფრანგული ენა მრავალი წელი ისწავლება და ვითარდება (საქართველოში, 2018 წელს სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლის მიერ ფრანგული ენის სწავლების ხარისხის ნიშნის LabelFrance-ის მოპოვება).

გამოქვეყნებულია 08/07/2020

გვერდის დასაწყისი