პარიზი 2024-ის კანდიდატურის მხარდასაჭერად მობილიზებული ფრანგული დიპლომატია

პარიზი 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო, უცხოეთში მოღვაწე ფრანგულ დიპლომატიურ ქსელთან ერთად, მთლიანად მობილიზებულია პარიზის კანდიდატურის მხარდასაჭერად.

JPEG

კანდიდატურა, რომელიც გვაერთიანებს

პარიზის კანდიდატურა არის თემა, რომელიც ყველას აერთიანებს და ძლიერი ეროვნული მხარდაჭერით სარგებლობს. პროექტს მხარს უჭერენ ფრანგი სპორტმენები, ისევე როგორც მოსახლეობის 77% (TNS Sofres-ის მიერ 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები). გარდა ფართო მასებისა, პროექტში ასევე არიან ჩართულნი მთავრობა მისი სრული შემადგენლობით, სხვადასხვა რანგის პოლიტიკური ფიგურები, ეკონომიკური სამყარო, ასოციაციური გაერთიანებები და მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები.

8 თებერვალს, სამინისტრომ უმასპინძლა პარიზი 2024-ის საკანდიდატურო კომიტეტის გუნდს, რომელმაც საფრანგეთში მოღვაწე უცხო ქვეყნების დიპლომატებს წარუდგინა პარიზის კანდიდატურა 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის.

საფრანგეთი - მიმზიდველი ადგილი დიდი სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად

სულ ცოტა ხნის წინ, მიუხედავად რთული საერთაშორისო კონტექსტისა, საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება, შეინარჩუნა რა სახალხო, უსაფრთხო და სადღესასწაულო გარემო.
უახლოეს წარსულში, საფრანგეთში გამართული სპორტული თუ არასპორტული სახის გრანდიოზული ღონისძიებები, იქნება ეს COP21, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში თუ ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, ხაზს უსვამს აღნიშნულ სფეროში საფრანგეთის ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, მთელი ტურნირის განმავლობაში, პარიზის ფან ზონებში დაფიქსირდა 1,2 მილიონზე მეტი ვიზიტორი, ხოლო მთლიანად საფრანგეთში - 4 მილიონზე მეტი.

თავისი უნიკალური მემკვიდრეობითა და მასპინძლობის უნარ-ჩვევებით, პარიზი და საფრანგეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ტურისტებისთვის მიმზიდველ მიმართულებებს შორის. თუ შერჩეულ იქნება პარიზის კანდიდატურა, მთელი ქალაქი ნამდვილ ოლიმპიურ პარკად გადაიქცევა, ყველასათვის ნაცნობ ადგილებში (ეიფელის კოშკი, ინვალიდები, ელისეს მინდვრები თუ ვერსალის სასახლე) კი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ეს იქნება მშვენიერი შესაძლებლობა 1924 წელს პარიზში გამართული ოლიმპიადის ასი წლის იუბილის აღსანიშნავად.

ფრანგული დიპლომატიის საზიარო ღირებულებები

პარიზი 2024-ის კანდიდატურის პროექტი პასუხისმგებლობით სავსე პროექტია, რომელიც საფრანგეთის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გაზიარებულ ჰუმანურობის, ჩართულობისა და ერთიანობის ღირებულებებს ეფუძნება. ეს თვალნათლივ ჩანს კანდიდატურის სხვადასხვა ინოცავიურ ასპექტებში:

  • ოლიმპიური თამაშების უნიკალური აღნიშვნა, ყველასათვის ღია, პარიზის და მისი ყველაზე ლამაზი ღირსეშანიშნაობების შუაგულში.
  • სპორტულ და ოლიმპიურ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტად ჩართული და სოლიდარული საზოგადოების შექმნას როგორც საფრანგეთში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პროექტში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა პარაოლიმპიური თამაშების ოგრანიზებას.
  • პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელიც გააგრძელებს კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზში მიღწეული ისტორიული შეთანხმების ხაზს. პარიზი 2024-ის პროექტში ამ თემას უმთავრესი ადგილი უკავია. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 2012 წლის ლონდონისა და 2016 წლის რიოს ოლიმპიადებთან შედარებით, 55%-ით შემცირდება ნახშირბადის კვალი.
  • მოსახლეობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე (საცხოვრებელი, სპორტული აღჭურვილობა, გადასასვლელები), განხორციელდება ექსკლუზიურად ტერიტორიული ხასიათის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ინვესტიციები (არ აქვს კავშირი ოლიმპიურ თამაშებთან). საჭირო აღჭურვილობის 95% უკვე არსებობს ან დროებითი ხასიათისაა, სწორედ ამიტომ პარიზი 2024-ისთვის ასაშენებელი იქნება მხოლოდ ორი ტიპის აღჭურვილობები: სოფლები ათლეტებისთვის, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის, და აკვა ცენტრი. შესაბამისად, ბიუჯეტი გონივრული და კარგად გადანაწილებულია.
  • თამაშების შემდგომი მნიშვნელოვანი დანატოვარი მოსახლეობისათვის. შეჯიბრებების შემდეგ, სოფელი გადაიქცევა ახალ ეკო-უბნად, სადაც იქნება სკოლები, მაღაზიები და სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი ფართები.

თბილისში, ჩვენ მხარს ვუჭერთ პარიზის კანდიდატურას...

JPEG - 561.2 ko
საფრანგეთის საელჩოში...
JPEG - 139.1 ko
... და კავკასიის ფრანგულ სკოლაში

publie le 02/03/2017

hautdepage