პრეს-რელიზი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის შესახებ თბილისში - 2020 წლის 14 ივლისი [fr]

პანდემიის განსაკუთრებული კონტექსტიდან გამომდინარე, წელს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში არ გამართავს მიღებას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა, ის აღნიშნავს დემოკრატიისა და სოლიდარობის ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად ედო საფრანგეთის რევოლუციას 231 წლის წინ.

14 ივლისს, 11სთ-ზე, საფრანგეთის ელჩი სახელმწიფო კანცელარიას ესტუმრება, სადაც შეხვდება პრემიერ მინისტრს. შეხვედრაზე ის პატივისცემას გამოხატავს საქართველოს სახელმწიფო სამსახურებისა და დემოკრატიული სტრუქტურების მიმართ ჯანდაცვის კრიზისში მათი წარმატებულად შერაცხული ძალისხმევის გამო. ელჩი გამოთქვამს რწმენას, რომ დემოკრატიული ჩარჩო, რომელსაც ძალუძს, უზრუნველყოს მთავრობის გამჭვირვალეობა და კომპეტენტურობა, საუკეთესოა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური კრიზისის მსგავსი კრიზისის გადასალახად, როგორც ეს საქართველომ ამ ბოლო თვეებში დაამტკიცა. იგი საფრანგეთის მეგობრობასა და ძმობას დაუდასტურებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მთელ პერსონალს, უწყებებს, რომლებიც პანდემიაზე რეაგირებას ხელმძღვანელობდნენ, თავდადებულ ექიმებსა და ექთნებს, და ასევე ვირუსისგან დაზარალებულ ოჯახებს. ელჩი აგრეთვე აღნიშნავს, ევროპის გუნდის ფარგლებში საფრანგეთის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას, სახელდობრ, უკვე ხელმოწერილი ზომების (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს 190 მლნ ევროს ოდენობის სესხები) განხორციელებას შეაჯამებს.

იგი ასევე შეხვდება ყვავილების ბაზართან არსებულ სუპერმარკეტ « კარფურის » გუნდს, 9 :30სთ-ზე, რათა დააფასოს ის ადამიანები, ვინც პირველ ხაზზე იყვენენ საქართველოში თუ სხვაგან კომპანიის მომარაგების საქმეში, ფერმერები, გადამზიდავები და სურსათით ვაჭრობის სფეროში მომუშავე პერსონალი, რომელთა წყალობით, იზოლაციის დროსაც კი ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა. განსაკუთრებული გულისხმიერებით იქნება მოხსენიებული ქალების როლი ამ კრიზისის დროს, რომლებსაც ხშირად შრომა უორმაგდებოდათ - უნდა ეზრუნათ ოჯახებზე, დაკეტილი სკოლების პირობებში, და პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინათ, ვინაიდან სწორედ ქალები ასრულებდნენ მნიშვნელოვან პროფესიებს.

ბოლოს, სამშაბათს 17სთ-ზე, ელჩი დაესწრება რიყის პარკში განთავსებული ახალი ტურისტული ატრაქციონის გახსნას, რათა ხაზი გაუსვას საფრანგეთის მხარდაჭერას მდგრადი ტურიზმის მიმართ, როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში, იმ დროს როცა ეს ორი ქვეყანა ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ხელახლა გაუხსნეს ერთმანეთს საზღვრები და ამით პოსტ-covid 19-ის სამყაროში ადამიანების დამაკავშირებელი პირველი ხიდები შექმნეს. ეს ტურისტული მოწყობილობა, საჰაერო ბურთი, რომლიდანაც თბილისის უნიკალური ხედი იშლება, ფრანგული კომპანიის Aerophile ინვესტიციის შედეგია.

საფრანგეთის საელჩო სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბასტილიის აღებისა და საფრანგეთის რევოლუციისადმი მიძღვნილი ამ დღის დასასრულს, 22 :15სთ-ზე, ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა ხანმოკლე ფოიერვერკი თბილისის ყველა მაცხოვრებელთან მისი სიახლოვისა და მეგობრობის აღსანიშნავად.

გამოქვეყნებულია 15/07/2020

გვერდის დასაწყისი