საფრანგეთის საელჩო თბილისში ორენოვან ფრანგულ-ქართულ სკოლას ხსნის

მომავალი ქართული ელიტისათვის შესანიშნავი სასკოლო მომზადებისა და მოსწავლეთა უმაღლესი სწავლების ქართულ, ევროპულ და საერთაშორისო სისტემებში წარმატების გარანტირების მიზნით საფრანგეთის საელჩო ამბიციურ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და ორენოვან ფრანგულ-ქართულ სკოლას ხსნის.

2006-დან 2012 წლამდე თანდათანობით შეიქმნება ყველა კლასი, საბავშვო ბაღიდან დაწყებული საშუალო სკოლით დამთავრებული. სწავლება მთლიანად ორენოვანი იქნება, ფრანგული და ქართული გამოყენებულ იქნება როგორც ურთიერთობისა და სწავლების ენები. ორივე ენა ფრანგული და ქართული ოფიციალური სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად თანაბრად გადანაწილდება სასკოლო პერიოდში შესასწავლ საგნებზე.

2006/2007 სასწავლო წელს, საბავშვო ბაღის შერეული კლასი «Moyenne Section/Grande Section» ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში, ნებისმიერი ეროვნების 4 და 5 წლის ბავშვებისათვის იხსნება.

სწავლა ამა წლის 18 სექტემბერს დაიწყება, ხოლო სკოლაში ჩაწერა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურის სამსახურში 8 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

2007-2008 სასწავლო წლიდან ორენოვანი ფრანგულ-ქართული სკოლა გადადის ვაკის პარკის გვერდით, ფრანგი არქიტექტორის მიერ შექმნილ უმაღლესი კლასის შენობაში, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების, პედაგოგიური ორგანიზების, ჰიგიენისა და გარემოთან ინტეგრირების ევროპული ნორმები.

საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღის მოვალეობაა, დაეხმაროს ყოველ ბავშვს გაზრდაში, დამოუკიდებლობის მოპოვებასა და საბაზო ცოდნის მისაღები უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. საბავშვო ბაღი ბავშვისთვის ესოდენ დამახასიათებელ მიბაძვისა და გამოგონების უნარს, თამაშითა და მოქმედებით გამოწვეულ სიამოვნებას ეყრდნობა. ბაღი სწავლის სურვილის სტიმულირებას უწყობს ხელს. იგი ბავშვის განვითარებისა და ზრდის რიტმს აქცევს ყურადღებას. საბავშვო ბაღის პროგრამა გაკვეთილების დამღლელი ცხრილით არ არის გამორჩეული. მას სწავლების ორი ან სამი წლის განმავლობაში შესასწავლი 5 სფერო აქვს განსაზღვრული. დასახულია დაწყებით სკოლაში გადასვლამდე მისაღწევი მიზნები და ასათვისებელი უნარ-ჩვევები.

1 - ენა, რომელიც სწავლების ცენტრშია

საბავშვო ბაღში ენისა და მეტყველების შესწავლა უმთავრესი აქტივობაა. სკოლა პატარებისთვის ახალი და ზოგჯერ დამაბნეველი სამყაროა. მას საკუთარი თავის რწმენა უნდა გავუღვიძოთ, სხვებთან ურთიერთობა ვასწავლოთ. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ კარგად ესმის, რასაც დიდები ამბობენ, როდესაც პირადად მას ან მთელ ჯგუფს მიმართავენ, იმავდროულად უნდა გააცნობიეროს, რომ საკუთარი აზრის გაგებინებაც ძალუძს ყველასთვის, მათ შორის საკუთარი მეგობრებისთვის. ბავშვის ზრდასთან ერთად დიალოგებიც უფრო ხანგრძლივი და რთული უნდა გახდეს, შემდგომ კი ნამდვილ დისკუსიებადაც უნდა გადაიქცეს. საბავშვო ბაღის დამთავრებისას იგი მზად უნდა იყოს ორგანიზებული საუბრის წესების დასაცავად.

საწყის ეტაპზე თითოეულ ბავშვს ხელსაყრელი გარემო უნდა შეექმნას სხვებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ამას მასწავლებელი ადევნებს თვალ-ყურს: იგი ყოველდღიურად თითოეულ ბავშვს ესაუბრება მარტივ და ექსპლიციტურ სიტუაციებში. ბავშვის მიერ არასრულად და მოუხერხებლად გამოთქმულ აზრებს მასწავლებელი მოთმინებით ასწორებს და უკეთესი ენით მიაწვდის.

ბავშვი სამი წლის ასაკიდან იწყებს რთული მეტყველების დაუფლებას. მასწავლებელი მას დაეხმარება წარსული მოვლენებისა და სამომავლო გეგმების აღწერაში. წარსულ და მომავალ მოვლენებზე საუბარი, აბსტრაქტული ცოდნის გაზიარება, ახსნა-განმარტებების მიცემა და არგუმენტირება სწავლების ერთი დიდი ეტაპია. ეს გახლავთ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნის მთელ პერიოდს გასდევს. იგი განაპირობებს ბავშვის წარმატებებს შემდგომ სწავლა-განათლებაში. მნიშვნელოვანია, რომ სამეტყველო აქტივობები სპეციფიურ გაკვეთილებად იყოს ჩამოყალიბებული და მასწავლებელმა გააკონტროლოს მოსწავლის მიერ ნათქვამი ფრაზების სისწორე.

ამ სწავლების ამოსავალი წერტილი კოლექტიური ცხოვრების მოვლენათა სიტყვიერი განხილვა გახლავთ. აზრის გამოსახატავად გამოდგება სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა ამბები და ინციდენტები, სასკოლო აქტივობები და სკოლის გარემოცვაში მიმდინარე განსაკუთრებული მოვლენები. მომხდარი ამბის განხილვის შემდეგ სამომავლო გეგმებზე იოლად და ძალდაუტანებლად უნდა მოხდეს გადასვლა, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა ენაში არსებულ დროისა და სივრცის რეალიებზე.

ბავშვი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ეზიაროს ზღაპრის მოსმენისა და მოყოლისაგან მიღებულ სიამოვნებას. ზეპირსიტყვიერების კლასიკური თემები, ცნობილი მითები მას პატარაობიდანვე უნდა მიეწოდოს. ეს ბავშვს საშუალებას მისცემს, გაიმრავალფეროვნოს მეტყველება. მისი გონება გაიხსნება ზღაპრებისა და ლეგენდების სამყაროსათვის, რომელთა მნიშვნელობაც უნივერსალურ ხასიათს ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვის შესწავლა საბავშვო ბაღის პროგრამაში არ შედის, ყველა ბავშვი უნდა ეზიაროს წარმოთქმული სიტყვებისა და წერილობითი ენის სტრუქტურას, რაც კითხვის შესწავლამდე აუცილებლად გასავლელი ეტაპია. ამის მისაღწევად საბავშვო ლიტერატურასთან ყოველდღიური კონტაქტი დგება. საბავშვო ალბომების კითხვა დიალოგის გაბმის, მოსმენილის გადმოცემის და სიტყვებისა და ნახატების საკუთარ წარმოდგენებთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. წიგნის კითხვის ჩვევის შემუშავება პირველადი ლიტერატურული კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პარალელურად, ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაში წერილობითი ენის მრავალრიცხოვან ფუნქციებს აღმოაჩენს. იგი შეეცდება ნაწერის მნიშვნელობის გაგებას და გასიგრძეგანებას. ამით იგი შეიქმნის სიტყვათა პირველად ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც საკმაოდ სწრაფად მიხვდება ანბანური კოდის ფუნქციონირებას.

სამი-ოთხი წლის ასაკში ბავშვი ნაწერით ინტერესდება და ცდილობს გაიგოს, როგორ გამოხატავს დაწერილი სიტყვა მეტყველებას. ცნობისწადილის დაკმაყოფილებაში მასწვალებელი ეხმარება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ენის ხმოვანებითაც დაინტერესდეს. საუკეთესო საშუალება კი სათვლულების, სიმღერების, ლექსების, თამაშების თქმა ან მღერაა. რიტმებისა და რითმებისადმი მისი ყურადღების მიპყრობა აღმოაჩენინებს, რომ სიტყვები ბგერებისაგან შედგება. ამ დროს იგი უნდა მიხვდეს, თუ როგორ წარმოადგენს დაწერილი ასოები სიტყვათა შემადგენელ ბგერებს. ამისათვის მას გრაფიკული და სამხატვრო უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს.

2 - თანაარსებობა

საბავშვო ბაღში მისვლისას ბავშვი კოლექტიური ცხოვრების ყველა სირთულეს შეიცნობს. იგი სწავლობს ჯგუფში ადგილის დამკვიდრებასა და გზის გაკვლევას. ეცნობა წესებს, რომელთაც უნდა დაემორჩილოს. იგი დაადგენს, რომ საერთო მიზნის მისაღწევად ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა არსებობს. ამგვარი სიტუაცია მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და გამოკვეთას უწყობს ხელს. აქ გადამწყვეტ როლს კომუნიკაცია თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებლის დახმარებით, ბავშვები ქმედებიდან საუბარზე გადადიან.

მასწავლებლები ყოველ ბავშვს შესაბამისად უნდა მიუდგნენ, რათა იგი მშობლებთან ერთად აღზარდონ.

3 - ფიზიკური აქტივობები

საბავშვო ბაღი ძირითადი მოტორიკის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა: გადაადგილება, წონასწორობის დაცვა, საგნების მანიპულირება, მათი სროლა და დაჭერა. პატარების თამაშებიც ამისკენაა მიმართული. მასწავლებელი ბავშვებს უბრალო სასიამოვნო თამაშობებიდან ნელ-ნელა გადაიყვანს ორგანიზებული, საფეხურებრივად გართულებული და ურთიერთდაკავშირებული მოქმედებებისაკენ.

მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბავშვი უცნობ, რთულ სამყაროს ეცნობა. იყენებს საგნებს, რომელთაც ხელს კრავს ან ისვრის, აგორებს ან აცურებს. ბავშვი დიდ სივრცეში მოძრაობს, გადაადგილებას უთავსებს დასარტყამ ან სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას... მასწავლებელთან ერთად იგი სწავლობს იმ საფრთხის შეფასებას, რაც ამა თუ იმ მოძრაობას სდევს თან. ბავშვს გამოსავლის პოვნასაც ასწავლიან. იგი ბაძავს, იგონებს, ზეპირად ხსნის, რასაც აკეთებს, სიტუაციების წარმოსადგენად ნახატებს იყენებს.

მასწავლებელი ყურადღებას აქცევს იმას, რომ სხვადასხვა სფეროებში მოპოვებული ცოდნა ფიზიკური აქტივობების ძირითად ტიპებთან ურთიერთკავშირში გამოიყენოს. გარდა ამისა, მასწავლებელი საბავშვო ბაღში ასათვისაბელ ფიზიკურ აქტივობებს დაწყებით სკოლაში შესასწავლ ფიზიკურ აქტივობებსაც დაუკავშირებს:
გადაადგილებისას, რაიმეს სროლისას საკუთარი ნამოქმედარის შეფასება და გაზომვა (ხანგრძლივობა, სიგრძე, სიმაღლე);
ქმედების სპეციფიურ გარემოსთან ადაპტირება (იატაკი, მიწა, ქვიშა, წყალი, ვერტიკალური კედელი), წონასწორობის შენარჩუნება, ველოსიპედის ტარება, სივრცეში ორიენტირება და ა. შ.;
თამაშებში ურთიერთდახმარება ან დაპირისპირებულ ბანაკებად გადანაწილება;
მოძრაობის გამოყენება საკუთარი აზრის გამოსახატავად (ფერხულები, თამაშობები, ცეკვები, მიბაძვითი თამაშები, ცირკის აქტივობები და ა.შ.).

მოძრაობისას ბავშვი შეიცნობს საკუთარ სხეულს მოქმედებაში და მიხვდება, რომ მას ისევე უნდა სცეს პატივი, როგორც სხვის სხეულს და რომ სხეულს უნდა მოუფრთხილდეს, რათა ჯანმრთელად იყოს. იგი უკეთ აყალიბებს სხვებთან ურთიერთობას. ბავშვი მეგობრებთან ერთად სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეუფლება.

4 - სამყაროს აღმოჩენა

საბავშვო ბაღი ბავშვს ასწავლის გაოცებასა და შეკითხვის დასმას. მასწვალებელი ბავშვს გააცნობიერებინებს, რომ მას ძალუძს გარემომცველი საგნების მანიპულირება, გარდაქმნა, გადალაგება, კლასიფიცირება, მათი მახასიათებლების განსხვავება. იგი აღმოაჩენს, რომ სამყარო არ შემოიფარგლება იმ ნივთებით, რომელთაც ყოველდღიურად ხედავს და რომ წიგნები, აუდიოვიზუალური და ციფრული დოკუმენტები მას გზას უხსნის შორეული სამყაროსაკენ ან წარსულ დროში ჩაფლობის საშუალებას აძლევს. ქმედებისა და ექსპერიმენტების ჩატარებისას, ბავშვი აღწერს, აღმოაჩენს, ცდილობს, საკუთარი სიტყვებით ახსნას, ხატავს. მოკლედ, მასწავლებლის დახმარებით პირველ ცოდნას იძენს. გარემომცველ სამყაროს ბავშვი ხუთი გრძნობის მეშვეობით შეიმეცნებს. სკოლა მისი გამოცდილების დახვეწაში ეხმარება.

ბავშვის ყურადღებას სპონტანურად იპყრობენ ცოცხალი არსებები. იგი ეცნობა ცხოველთა სამყაროს უდიდეს ნაირსახეობას. ცხოველთა სამყაროსა და მცენარეებზე წარმოებული დაკვირვება საშუალებას აძლევს ბავშვს, თავად დაადგინოს მცენარეთა, ცხოველთა და საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებული სპეციფიური და საერთო მახასიათებლები (ზრდა, კვება, გამრავლება, მოძრაობა). მას უკეთ ესმის აგრეთვე, თუ რატომ ურჩევენ ყოველდღიურად, დაიცვას ჰიგიენის წესები და ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას. ბავშვი უკეთ იგებს, როგორ დააკვირდეს გარემომცველი სამყაროსა და უცნობი გარემოს თავისებურებებს, ამოიცნოს ადამიანის მოღვაწეობის ნაკვალევი. აქვე ეყრება საფუძველი გარემოსდაცვით განათლებას და ბავშვის ბუნებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გაჩენას. ტექნიკური ნივთების მანიპულირებით იგი ეცნობა უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს. სამშენებლო სახელოსნოები პირველად ცოდნას სძენს და თანდათანობით ამდიდრებს.

ამგვარად ბავშვი გარემომცველი სამყაროს ყველაზე უფრო აბსტრაქტულ მახასიათებლებს ეცნობა:
დროსა და სივრცეში ორიენტირება და დროსა და სივრცეში გარემომცველი ნივთების განლაგება
დისტანციის დადგენა შორეულ ადგილებთან და წარსული დროის მოვლენებთან;
ფორმებისა და სიდიდეების (ზომა, მასა, შემცველობა) განსხვავება;
რაოდენობების განსხვავება, ციფრების სათვლულების დასწავლა, საგანთა დათვლა; საგნების შედარება მახასიათებლების მიხედვით, საგანთა დახარისხება და კლასიფიცირება. ამგვარად, თითოეული ბავშვი საბავშვო ბაღიდანვე იძენს ცოდნას პირველადი სამეცნიერო და ტექნიკური კულტურის საფუძვლების ჩასაყრელად.

5 - მგრძნობელობა, წარმოსახვა, შემოქმედებითი აქტივობები

მგრძნობელობა და წარმოსახვა გარეგან და შინაგან სამყაროსთან პიროვნების ურთიერთობის გასაღებია. ისინი წარმმართველ როლს თამაშობენ პატარაობაში. საბავშვო ბაღი თითოეულ ბავშვს ხელს უწყობს მგრძნობიარობისა და შემოქმედებითი უნარის გამდიდრებაში. იგი მოსწავლეს შეგრძნებების უკეთ გადმოცემაში ეხმარება.

ხატვა და მხატვრული კომპოზიციების შექმნა გამომსახველობითი საშუალებებიდან ყველაზე მეტად არის წინ წამოწეული. მრავალფეროვანი სურათებისა და საგნების აღმოჩენა და გამოყენებაც მხატვრული გემოვნების გამდიდრებას ემსახურება. დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე რაიმე ნივთებისა და დოკუმენტების კოლექციების შექმნა შეგროვებისა და შენახვის სიამოვნებაზეა დაფუძნებული, რასაც საბავშვო ბაღში ხელს შეუწყობენ. ბავშვს არამარტო რაიმეს შექმნა დაევალება, არამედ თავისი მხატვრული გეგმებისა და მიზნების სხვებისათვის გაზიარებაც.

იმავე მიზნებს ემსახურება ხმის ვარჯიშზე დამყარებული აქტივობები: ბგერებით თამაშისას, სიმღერისას, ცეკვისა და მოძრაობისას, ბავშვი გამოსახვის ახალ საშუალებებს ეცნობა. სათვლულებისა და სიმღერების რეპერტუარი მას ხმოვან სამყაროში უკვალავს გზას. ბავშვი გუნდში სიმღერას სწავლობს. აღმოაჩენს მუსიკალურ ინსტრუმენტებს და მოსმენის უნარს იმდიდრებს. ხმოვანი და მოძრაობასთან დაკავშირებული აქტივობები რიტმისა და ტემპის ნელ-ნელა დაუფლების საშუალებას აძლევს. სხეულის მოძრაობის შესწავლით ცეკვის სიამოვნებას აღმოაჩენს.

ორენოვანი სწავლება

 რას ნიშნავს პარიტეტული ორენოვანი სწავლება ?

რაიმე ენას კი არ სწავლობ, რაიმე ენაზე სწავლობ. სწავლებას ორენოვანი ეწოდება, როდესაც სკოლაში ორი ენა ოფიციალურად და სტრუქტურულად არის წარმოდგენილი ურთიერთობისა და სწავლების მიზნით. პირველი ენა მოსწავლის მშობლიური ენაა, მეორე ენა - უცხო ენაა. ორივე ენა ერთად ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში გახლავთ ურთიერთობის ენა, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ ეს ორივე ენა ერთად არის ყველა სასკოლო საგნის სწავლების ენა. მეორე ენა, პირველის პარალელურად, გახლავთ სწავლების ენა, სწავლების საშუალება, მეორე სასკოლო ენა.

ორენოვანი სწავლება პარიტეტულია, როდესაც სასკოლო დრო თანაბრად არის გადანაწილებული ორ ენაზე. მაგალითად, საბავშვო ბაღში გასატარებელი 26 საათიდან ბავშვი 13 საათს ქართულ ენასთან კონტაქტში გაატარებს, დანარჩენ 13 საათს კი - ფრანგულ ენასთან კონტაქტში.

საბავშვო ბაღიდან დაწყებით სკოლამდე მოქმედებს ეგრეთწოდებული «გრამონ-რონჟას პრინციპი» - «ერთი მასწავლებელი - ერთი ენა» და მუშაობს ორენოვანი გუნდი: ერთი ფრანგი და ერთი ქართველი მასწავლებელი ერთად შრომობენ და მჭიდროდ თანამშრომლობენ.

სწავლების ამგვარი ტიპი იმერსიული სწავლებისაგან მკვეთრად გამოირჩევა : იმერსიული სწავლებისას მოსწავლე მეორე ენაში «ეფლობა», პირველი ენა «დავიწყებულია», მას კლასში აღარ იყენებენ.

 როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთს ორი ენა ორენოვანი სწავლებისას?

ორი ენის მონაცვლეობა ორენოვანი სწავლების ცენტრალური და მთავარი მახასიათებელია. ამ მონაცვლეობის აღწერის, ანალიზისა და სტრუქტურირების საშუალებას მაკრომონაცვლეობისა და მიკრომონაცვლეობის ცნებები იძლევა.

მაკრომონაცვლეობის ცნება საბავშვო ბაღში აქტივობების სფეროების, დაწყებით სკოლაში კი საგნების პროგრამების ორ ენაზე გადანაწილებას გულისხმობს. აქტივობის რომელიმე სფეროში (იხ. დოკუმენტი «საბავშვო ბაღი»), საერთო თემატური გეგმის ფარგლებში პედაგოგიურმა კოლექტივმა შეიძლება გადაწყვიტოს, ერთი რომელიმე აქტივობა ქართულად გააკეთოს, მეორე კი - ფრანგულად. მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ ორი ენის გადანაწილება ისე ხდება, რომ სასწავლო წლის ბოლოსათვის შესაძენი უნარ-ჩვევები (იხ. დოკუმენტი «უნარ-ჩვევების ცხრილი») ორივე ენაში შეძენილ იქნას.

მიკრომონაცვლეობის ცნება კი გულისხმობს ერთი გაკვეთილის დროს, ორი მასწავლებლის თანხლებით საერთო აქტივობის განხორციელებისას ერთი ენიდან მეორეზე გადასვლას და ორი ენის თანაარსებობას.

საბავშვო ბაღის ცხრილში ნათლად არის გამოკვეთილი აქტივობების დრო მაკრომონაცვლეობითა და მიკრომონაცვლეობით (იხ. დოკუმენტი «ცხრილი»).

 რატომ უნდა დაიწყოს ორენოვანი სწავლება ადრეულ ასაკში?

4 წლის ასაკში ენების შესწავლა ჯერ კიდევ ბუნებრივად და ინტუიციურად ხდება. ეს პერიოდი ძალზე ხელსაყრელია ენების ასათვისებლად და მეტყველების დასაწყებად.

თუმცაღა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ბაღში ძალიან ადრე მიყვანილ ბავშვს სამეტყველო ფუნქცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს და იგი მას მშობლიურ ენაზე ყოველდღიურად ავითარებს. ამიტომაც მეორე ენაზე ერთბაშად გადასვლა და პირველი ენის მთლიანი გამოდევნა (როგორც ეს იმერსიული მეთოდის ადრეული ასაკიდან დაწყების შემთხვევაში ხდება) შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს: აღარ მოხდეს პირველი ენის დაუფლება და საერთოდ ვერ მოხდეს მეორე ენის ათვისების დაწყება.

გამოსავალი შეიძლება იყოს მეორე ენის სწავლების თანდათანობითი შემოტანა, არა პირველი ენის ხარჯზე, არამედ, პირიქით, მისი გაძლიერებით იმისათვის, რომ სამეტყველო ფუნქცია სათანადოდ განვითარდეს, გამოყენებული იქნას ამ ასაკისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ცნობისწადილი და ცოდნის ათვისების უნარი ისევე, როგორც სმენისა და სამეტყველო ორგანოების მოქნილობა, რაც იწვევს ფრაზების დეფორმაციის გარეშე ათვისებასა და წარმოთქმას და რის გამოც საუბრისას მეორე ენაში აქცენტი საერთოდ არ იქნება.

 რა უპირატესობებს ველოდოთ?

ენობრივი უპირატესობები

რასაკვირველია, მეორე ენა უკეთ შეისწავლება : ბავშვი უკეთ სწავლობს, რადგან ეს მას სჭირდება ! ენა იმისათვის შეისწავლება, რომ მისი მეშვეობით სხვა საგნები იქნას ათვისებული. ენა « დაცლილი და ცარიელი » აღარაა, ბავშვი ენის გამოყენებას სწავლობს ; ეს პედაგოგიკაში კარგად ცნობილი იდეაა -იმისათვის, რომ ისწავლო, თავად უნდა ეცადო, ატარო ექსპერიმენტები და ცდები.

ის მოსწავლეები, რომლებიც ორენოვან სკოლებში არიან, პირველ ენასაც უკეთ სწავლობენ : მეორე ენის სწავლისას არამარტო მას ეუფლები, არამედ მშობლიური ენის ფუნქციონირებასაც უკეთ ეცნობი ჯერ ინტიუციურად, შემდეგ გააზრებულად - ერთმანეთს ადარებ ორი ენის ფუნქციონირების წესებს, რომლებიც ხან მსგავსია და ხანაც - ძალიან განსხვავებული.

უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს « ორენოვნების » უნარი, უფრო ადვილად შეისწავლონ მესამე, მეოთხე და ა.შ. ენები.

კულტურული უპირატესობები

უცხო ქვეყნის ავთენტური დოკუმენტებით, წიგნებით, მულტიმედია და აუდიოვიზუალური საშუალებებით მეორე ენის დაუფლება იძლევა საშუალებას, სამყაროს სხვაგვარი აღქმის გაცნობისა და ზოგჯერ კარიკატურული სახით წარმოდგენილი კულტურული და ენობრივი მახასიათებლების შესწავლისა.

საფრთხე იმისა, რომ მოსწავლე მშობლიური ენასთან დაკავშირებულ « კულტურულ იდენტურობას » დაკარგავს, არ არსებობს. « ორენოვანი » ბავშვები არც საკუთარ იდენტურობას არიან მოწყვეტილნი და არც კულტურას, მათ საკუთარი, უნიკალური, განსაკუთრებული ინდივიდუალური თვისებები ახასიათებთ.

შემეცნებითი უპირატესობები

უცხო ქვეყნის ორ ენაზე სწავლა ავითარებს სწავლების სტრატეგიებს და მეთოდებს, ხელს უწყობს ცნებების და კონცეპტების ჩამოყალიბებას. შედეგად, ბავშვი უკეთ სწავლობს ყველა საგანს. შეფასების არსებული მეთოდები (სკოლის დამამთავრებელი თუ უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები, დაწყებითი კლასების დამამთავრებელი ტესტების შედეგები) გვაჩვენებს, რომ შედარებისას, ორენოვან სწავლებაში ჩართული მოსწავლეების სასკოლო შედეგები ყოველთვის უსწრებს მათ შედეგებს, ვინც ერთენოვანი კურსი გაიარა.

მოსწავლე, რომელსაც რეგულარულად აქვს შეხება ორ ენასთან, ადრეული ასაკიდანვე ხვდება, თავდაპირველად, გაუცნობიერებლად, შემდეგ კი უფრო ნათლად, რომ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი კავშირი სიტყვასა და მნიშვნელობას შორის, რომ სიტყვა არ არის « მიკრული » საგნებზე. სხვაგვარად, ის ნელ-ნელა აღიქვამს ენებს აბსტრაქტულ და სიმბოლურ სისტემებად. აქედან გამომდინარე, სასკოლო გარემოში მუდმივი შეხება ორ, შემდეგ მრავალ ენასთან უვითარებს აბსტრაქტულ აზროვნებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს გონებრივ განვითარებას.

ყურადღების, კონცენტრაციის, დამახსოვრების, ცნობისმოყვარეობის, წარმოსახვის უნარი ასევე უფრო მეტად მოეთხოვება ორ ენაზე სწავლებისას და ხელს უწყობს, ზოგადად, შემეცნებით უპირატესობებს, რასაც მკვლევარები უწოდებენ «გონების მოქნილობას», «კრიტიკულ აზროვნებას», «გონების სისხარტეს».

საბავშვო ბაღის დასრულებისთვის შესაძენი უნარ-ჩვევები

სფერო N°1 : ენა სწავლების ცენტრში

კომუნიკაცია სწავლის პირველი წლის დასასრულისთვის (3-4 წლის ასაკში) უფროსის ნათქვამის გაგება და მისთვის საკუთარი აზრის გაგებინება
საუბარში ინიციატივის ხელში აღება და პირველი კითხვისთანავე აქტიურად ჩაბმა
კოლექტიურ საუბარში მონაწილეობის მიღება, სხვების მოსმენა, საკუთარი ჯერის დალოდება და საუბრის თემიდან არ გადახვევა

სიტუაციური მეტყველება
კლასის ჩვეულებრივი დავალებების გაგება
თქმა იმისა, თუ რას აკეთებს თავად ბავშვი ან მისი მეგობარი (რაიმე აქტივობისას, რომელიმე სახელოსნოს დროს)
მარიონეტებით თამაში და მარიონეტის გახმოვანება

სამეტყველო ენა
კოლექტიურად განცდილი რაიმე მოვლენის გახსენება (გასეირნება, სასკოლო აქტივობა, რაიმე ინციდენტი...)
ბავშვის ასაკისთვის შესაფერი ამბის გაგება და საკუთარი სიტყვებით ისტორიის ქარგის გადმოცემა
რაიმე ამბის პერსონაჟების იდენტიფიკაცია, მათი მორალური და ფიზიკური დახასიათება ან დახატვა
ნაცნობი ზღაპრის მოყოლა ილუტრაციების თანამიმდევრული დათვალიერების პარალელურად
მოკლე ამბის გამოგონება, სადაც მოქმედი პირები სწორად იქნებიან გადანაწილებულები, სადაც ერთი საინტერესო მოვლენა მაინც ხდება და ამბავს ლოგიკური დასასრული აქვს
თითოეულ წელს მინიმუმ 10-10 სათვლულის, თითების თამაშის, სიმღერისა და ლექსის სწავლა, თქმა ან მღერა

წერილობითი ენა

ნაწერის ფუნქცია
ცოდნა იმისა, თუ რას ემსახურება საგზაო ნიშნები, სხვა მაჩვენებლები, აფიშა, გაზეთი, წიგნი, რვეული, კომპიუტერის ეკრანი

ლიტერატურასა და წერილობით ენასთან დაახლოება
მასწავლებლის მიერ წაკითხული ნაწყვეტის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა ალბომების ან ზღაპრების რამდენიმეპერსონაჟიანი ამბების მოყოლა

ანბანური პრინციპის აღმოჩენა
საბავშვო ბაღში გატარებული პირველი წლიდანვე (3-4 წლის ასაკში) ბეჭდური ასოებით დაწერილი საკუთარი სახელის ამოცნობა
ანბანის ასოების დასახელებების ცოდნა
კლასში გამოკრული სიტყვების ფრანგმენტების გამოყენება რაიმე მარტივი სიტყვის დასაწერად

მეტყველების ხმოვანი რეალობების აღმოჩენა
ტექსტის გამეორება დამარცვლით
ერთი და იმავე მარცვლის ამოცნობა სხვადასხვა სიტყვებში (სიტყვის დასაწყისში, სიტყვის დასასრულს ან შუაში)
რითმების გამეორება ან მოგონება

გრაფიკული და წერითი აქტივობები
ბეჭდური ასოებით საკუთარი სახელის დაწერა
ხელნაწერი ასოებით საკუთარი სახელის დაწერა
ბეჭდური ასოებით სიტყვების გადაწერა მასწავლებლის დახმარებით ან მის გარეშე
ხელნაწერი ასოებით სიტყვების გადაწერა მასწავლებლის დახმარებით ან მის გარეშე
მარტივი გრაფიკური მოტივის გამეორება
რეალური და ფიქტიური საგნებისა და პერსონაჟების წარმოსახვა
საბავშვო ბაღის დასრულებისთვის კუსივით ერთი ხაზის გადაწერა

წერილობით ენასთან დაახლოება
ტექსტის კარნახი, ტემპის შენელებითა და ნაწყვეტების გამეორებით
გრამატიკულად გაუმართავი წინადადების სინტაქსური სტრუქტურის გასწორება, ტექსტის ლოგიკური მსვლელობის დადგენა

ანბანური პრინციპის აღმოჩენა
უფროსის მიერ წაკითხული წინადადების დაწერილ ვარიანტში სიტყვების ამოცნობა
ანბანის ასოების დასახელებების ცოდნა
კლასში გამოკრული სიტყვების ფრანგმენტების გამოყენება რაიმე მარტივი სიტყვის დასაწერად

სფერო N°2 : თანაცხოვრება

რაიმე აქტივობაში ინდივიდუალური ქცევის შენარჩუნება კოლექტიური ცხოვრების პლიუსებისა და მინუსების გათვალისწინებით
სკოლის სხვადასხვა თანამშრომლების ფუნქციებისა და როლის იდენტიფიცირება და ცოდნა
თანაცხოვრების წესების დაცვა (სხვა პიროვნების პატივისცემა, ინვენტარის მოფრთხილება, ზრდილობის წესები...) და კოლექტიური ცხოვრების ზოგიერთი პრინციპის გამოყენება მეგობრებთან ერთად (მოსმენა, ურთიერთდახმარება, ინიციატივა...)

სფერო N° 3 : ფიზიკური აქტივობები

რაიმე გაზომვადი ქმედების განხორციელება
სხვადასხვა ხერხით სირბილი, ხტომა, რაიმეს სროლა (მაგალითად : სწრაფი სირბილი, გადახტომა გარბენით ან გარბენის გარეშე
სხვადასხვა ნივთებით და სხვადასხვა მანძილზე სირბილი, ხტომა ან რაიმეს სროლა (მაგალითად : რაიმე ნივთების შორს სროლა)
სირბილი, ხტომა, რაიმეს სროლა საკუთარი რეკორდის დასამყარებლად (დრო, მანძილი) მძლეოსნური აქტივობები
საბავშვო ბაღის დასრულებისთვის ასათვისებელი უნარ-ჩვევების მაგალითები
4-5 წამის განმავლობაში სწორ ხაზზე სირბილი
გარბენის ზონიდან გამოუსვლელად რაიმე ნივთის შორს გადაგდება
გარბენით ან გარბენის გარეშე მაქსიმალურად შორს ან ზევით ახტომა

სხვადასხვა გარემო პირობებთან საკუთარი მოძრაობის ადაპტირება
წონასწორობის დაცვა უჩვეულო მოძრაობების განხორციელებისას (ხტომა, ცოცვა, გორაობა, რწევა, ოთხით გადაადგილება, გადაყირავება...)
ჯერ ნაცნობ, ხოლო შემდეგ უცნობ გარემოში (ეზო, პარკი...) გადაადგილება (სიარული, სირბილი)
გადაადგილება სხვადასხვა გასაწონასწორებელი ნივთით (სამთვლიანი ან ორთვლიანი ველოსიპედი, გორგოლაჭიანი ციგურები...)
გადაადგილება არასტაბილურ გარემოში (წყალი, თოვლი, ყინული, ქვიშა...)
საბავშვო ბაღის დასრულებისთვის ასათვისებელი უნარ-ჩვევების მაგალითები
სატანვარჯიშო აქტივობები : ერთი წერტილიდან მეორისაკენ გადაადგილება სხვადასხვა ხერხებით (გაგორება, დაბრკოლების გადალახვა, გადახტომა), საფრთხის გაცნობიერება და მიწაზე ფეხებით დაშვება
ორიენტაციის გასავითარებელი აქტივობები : პარკში, მასწავლებლის მიერ წინასწარ დამალული საგნების აღმოჩენა 2-2 ბავშვიანი ჯგუფებით
კოორდინაციის აქტივობები : პატარა ფერდობზე ასვლა-ჩასვლა, ოთხმეტრიან ზონაში გაჩერება
საწყლოსნო აქტივობები : ბასეინში რამდენიმე მეტრით გადაადგილება ხელებისა და ფეხების დახმარებით

ინდივიდუალურად ან კოლექტიურად თანამშრომლობა ან მოწინააღმდეგე ბანაკებად გადანაწილება
ჭიდაობისას მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება : ხელის კვრა, ჩაბღუჯვა, წაქცევა, შებოჭვა...
კოლექტიურ თამაშში პარტნიორებთან ერთად ერთი ან რამოდენიმე მოწინააღმდეგის წინააღმდეგ -თამაში : სროლა (ნივთების, ბურთების), გამოდევნება და დაჭერა, გაქცევა და დამალვა
საბავშვო ბაღის დასრულებისთვის ასათვისებელი უნარ-ჩვევების მაგალითები
თამაშები ჭიდაობით : მოწინააღმდეგის მოძრაობების შებოჭვა
კოლექტიური თამაშები : ჯგუფთან ერთად ერთი ადგილიდან მეორეზე რაიმე ნივთების სირბილით გადატანა

მხატვრული, ესთეტიკური ან ექსპრესიული ქმედებების განხორციელება
სურათების, პერსონაჟების, გრძნობების, მდგომარეობის სხეულით გამოხატვა
სხვებისათვის გრძნობებისა და ემოციების გაზიარება
მარტივი, მუსიკალური ან არამუსიკალური რიტმის მიყოლა
საბავშვო ბაღის დასრულებისათვის მისაღწევი უნარ-ჩვევების მაგალითები
ფერხულები და მუსიკალური თამაშები : ცეკვა (გადაადგილება, ჟესტების კეთება) მუსიკის, სიმღერის თანხლებით, სხვა ბავშვებთან ერთად
ცეკვა : მოკლე საცეკვაო პასაჟების დადგმა, ორი-სამი მარტივი მოძრაობის გამოყენებით, შესაბამისი სიჩქარით, მიმართულებით და ა. შ.
სფერო N°4 : სამყაროს აღმოჩენა

უნარ-ჩვევები აღქმით სფეროში
ელემენტარული სენსორული (აღქმითი) შეგრძნებების (შეხება, ყნოსვა, სმენა, გემო დდა მხედველობა) აღწერა, შედარება და დახარისხება
განსაზღვრული შეგრძნებების დაკავშირება შესაბამის აღქმით ორგანოებთან

უნარ-ჩვევები მასალისა და ნივთების სფეროში
მასალების, ნივთების, მათი მახასიათებლებისა და გამოყენების სფეროს დადგენა, კლასიფიცირება ელემენტებიანი ნივთების გამოყენება (ჯიბის ფანარი, სათამაშოები, მაგნიტოფონი...)
სპეციფიური ტექნიკური აქტივობების, რაიმე სიტუაციაციის შესაბამისი მასალებისა და იარაღების ამორჩევა (დაკეცვა, გაჭრა, დაწებება, შეგროვება, დანაწევრება...)
მარტივი კონსტრუქტორული თამასება, მარტივი მაკეტების აშენება
მარტივი მექანიზმების ასამუშავებელი ემპირიული საშუალებების გამოყენება

უნარ-ჩვევები ცოცხალი არსებების, გარემოს, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის სფეროში
ცხოველის ან მცენარის განვითარების ეტაპების თანმიმდევრობის დადგენა
ადამიანის სხეულის, ცხოველის ან მცენარის სურათის აგება დანაწევრებული ელემენტების მიხედვით
ცხოველური ან მცენარეული ცხოვრების მთავარი გამოხატულებების ცნობა : ზრდა, კვება, მოძრაობა, გამრავლება
გარემოს რამდენიმე მახასიათებლის შემჩნევა
სხეულის (ხელის დაბანა...), შენობის (დალაგება, სისუფთავე), კვების (ჭამის რეგულარული საათები, მენიუს შემადგენლობა) ჰიგიენის წესების ცოდნა და გამოყენება
ქუჩაში მოძრაობისას (ქვეითად მოსიარულეები, მანქანები) და უახლოეს გარემოცვაში (სახიფათო საგნები და ქცევა, მომწამლავი ნივთიერებები) ან უფრო შორეულ გარემოცვაში (სხვადასხვა ხიფათები) არსებული ხიფათის გათვალისწინება
უჩვეულო სიტუაციის ან ხიფათის დაფიქსირება, შველის თხოვნა, დახმარების გაწევა სხვისათვის

უნარ-ჩვევები სივრცის დანაწევრების სფეროში
სივრცული ინდიკატორების დახმარებით გადაადგილებების აღწერა
უახლოესი გარემოცვის (კლასი, სკოლა, უბანი...) მარტივი აღწერა და წარმოსახვა
ნაკლებად ცნობილი სივრცის (სკვერი, მიწის ნაკვეთი, ტყე, გუბურა, ღობე, ზოოპარკი) აღწერა
ზეპირად ნელ-ნელა აღწერილი მარშრუტის გავლა, მარტივი მარშრუტის აღწერა ან წარმოსახვა
დაინტერესება დოკუმენტურ ფილმებში აღწერილი უცხო სივრცეებით

უნარ-ჩვევები დროის დანაწევრების სფეროში
ზოგიერთი ფენომენის ციკლური ხასიათის ამოცნობა, დღის, კვირისსა და სასწავლო წლის განრიგის რიტმის ცოდნა, მოვლენების თანმიმდევრული განლაგება (თანმდევი და თანადროული მოვლენების განსხვავება)
ქრონოლოგიური მიმანიშნებლებისა და ზმნების დროების სწორი გამოყენება აჭმყოსა და წარსულს შორის, აწმყოსა დად მომავალს შორის დაპირისპირებების გასაგებად და გამოსახატავად
მოვლენების შედარება მათი ხანგრძლივობიდან გამომდინარე
რაიმე მოვლენისა თუ მოთხრობის თანმიმდევრობის (თანადროულობა, წინმსწრები მოვლენა, შემდგომი მოვლენა) გაგება და გადმოცემა ქრონოლოგიური მიმანიშნებლებისა და ზმნების დროების სწორი გამოყენებით

ფორმასა და ზომასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები
საგნების განსხვავება და კლასიფიცირება მათ ფორმასთან დაკავშირებული მახასიათებლების მიხედვით
მარტივი ფიგურების - კვადრატის, სამკუთხედისა და წრის - ამოცნობა, კლასიფიცირება და დასახელება
რაიმე მოდელის მიხედვით მარტივი ფორმის საგნების აგება (პაზლი, ლეგო, კუბიკები)
ნივთების ზომის, მასის ან შემცველობის მიხედვით შედარება, კლასიფიცირება ან დალაგება

რაოდენობასა და რიცხვებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები
რაოდენობების შედარება
რაოდენობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა (მიმატება, გამოკლება, შეკრება, განაწილება, გაყოფა) ნაცნობი რიცხვების გამოყენებით
დაწერილი რიცხვების ცნობა (ერთიდან სამამდე ან ოთხამდე)
ნაცნობი კონფიგურაციების (ხელის თითების რაოდენობის, კამათლის კომბინაციების) ამოცნობა ზოგადად
ზეპირი სათვლულების ცოდნა სულ მცირე 30-მდე დათვლით
ნაცნობი რიცხვების გამოყენებით რაიმეს რაოდენობის დათვლა
ნაცნობი რიცხვების წერილობით გამოსახულებასთან დაკავშირება

სფერო N° 5 : მგრძნობელობა, წარმოსახვა, შემოქმედებითი აქტივობები

მზერა და ჟესტი
მასალების, სამუშაო საგნებისთვის საკუთარი ჟესტების ადაპტირება
სირთულის დაძლევა
მოცემული მასალიდან ან პროცესიდან ექსპრესიული რესურსის ამოღება
უკვე ცნობილი მასალებიდან არჩევანის გაკეთება
გამოხატვის საშუალებად ნახატის გამოყენება
გამოხატვის საშუალების შესაბამისად რაიმე კომპოზიციის შექმნა
სხვადასხვა ტიპის ნახატების ერთმანეთისგან განსხვავება
მხატვრული საგნის (სურათი, ხელოვნების ნიმუში, მოსწავლის ნახატი) ძირითადი შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება
ორი მხატვრული საგნის შედარება (მაგალითად, მოსწავლის ნახატისა და ხელოვნების ნიმუშის რეპროდუქციის) ფორმის, ფერის, არსისა თუ გამოყენებული ხერხის მიხედვით
იმის თქმა, თუ რას აკეთებს, ხედავს, გრძნობს ან ფიქრობს ბავშვი
კოლექტიური მოღვაწეობისას სხვა ბავშვებთან თანამშრომლობა

ხმა და მოსმენა
სიმღერებისა და სათვლულების ვრცელი რეპერტუარის დამახსოვრება
ჯგუფურად სიმღერის, სათვლულის ექსპრესიული შესრულება
ხმის ტემბრის, სიძლიერის, სიმაღლის, ნიუანსების გამოსაკვლევად საკუთარი ხმის გამოყენება
სხეულით ან საკრავი ინსტრუმენტით ტემპო-რიტმის გამოსახვა და იმიტაცია
სხეულით ან საკრავი ინსტრუმენტით მარტივი რიტმული ფორმულების გამეორება
ტექსტის ან სიმღერის აკომპანირება სხეულით ან საკრავი ინსტრუმენტით
კოლექტიურ აქტივობებში საკუთარი ადგილის ქონა და ხანმოკლე ვადით სოლისტობა
მუსიკალური ნაწარმოების ნაწყვეტის მოსმენა, შემდეგ სხვებისთვის საკუთარი აზრის გაზიარება
მუსიკალური ფრაზის წარმოსახვა მარტივი გრაფიკული ხერხებით
გამოყენებული მასალის მუსიკალური და ტემპური მახასიათებლების მოძრაობაში გადმოცემა საკუთარი სხეულის მეშვეობით
საკუთარი სხეულით, ხმით ან დასაკრავი ინსტრუმენტებით მუსიკალური ფრაზების შექმნა

როგორ ჩაეწეროთ სკოლაში ?
სკოლაში ჩაწერა შესაძლებელია 8 სექტემბრამდე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილებაში - წლიური გადასახადი: 4 000 ევრო წელიწადში, გადახდა 3 ნაწილად
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად გთხოვთ მიმართოთ ატაშეს ფრანგული ენის თანამშრომლობის დარგში , ქ-ნ ვირჟინი კონსტანს ან მის თანაშემწეს, ქ-ნ თამარ ლომიძეს; ტელეფონი: 98 78 23
ელ. ფოსტა : virginie.constans@diplomatie.gouv.fr ან tamara.lomidze@diplomatie.gouv.fr

გამოქვეყნებულია 30/10/2006

გვერდის დასაწყისი