საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი ხაშურის წყლის სისტემების მოდერნიზაციისთვის 65 მლნ ევროს გამოყოფენ [fr]

საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

2020 წლის 31 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა, ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას „ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების“ პროექტისთვის, რომლის მიზანია ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, დომინიკ პაპენჰეიმი.

პროექტის მიზანს ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაცია წარმოადგენს. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ნარჩენი წყლები ტრანსსასაზღვრო მდინარეში გაუწმენდავი სახით ჩაედინება, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.

პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი კომპანია. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების გაძლიერებას, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ამ პროექტით საფრანგეთი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, “ევროპის გუნდის” სახელით საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვაში. ვიმედოვნებ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის წყლის სექტორში თანამშრომლობის ეს პირველი მაგალითი დასაბამს დაუდებს ახალ პროექტებს ამ სფეროში, ყველასათვის უფრო მწვანე და უკეთესი სამყაროს უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მოსახლეობისა და მიმდებარე დასახლებების საყოფაცხოვრებო პირობებს. პროექტის განხორციელების შედეგად 40000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი, რომლის წვლილიც მნიშვნელოვანია პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,“ - განაცხადა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა.

ევროკავშირი საქართველოს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაში ეხმარება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს საქართველოს წყლის სექტორში. ამ პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ხაშურში მცხოვრები იმ ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა, რომლებსაც არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე და წყალარინების მომსახურებაზე. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენი წყლების გაწმენდას, რაც მიმდებარე მდინარეებსა და ნიადაგს დაბინძურებისგან დაიცავს. აქედან გამომდინარე, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანების ჯანმრთელობის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომინიკ პაპენჰეიმმა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)

საფრანგეთის განვითარების სააგენტო არის მრავალმხრივი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი და საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) აფინანსებს სხვადასხვა დარგებს - სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ჯანმრთელობის დაცვას, ბიომრავალფეროვნებას, წყალს, ტრანსპორტსა და ურბანულ განვითარებას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ტრენინგებს - და მხარს უჭერს უფრო უსაფრთხო, უფრო სამართლიანი და უფრო მდგრადი სამყაროს შექმნას. 85 სააგენტოსგან შემდგარი ქსელის საშუალებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) 115 ქვეყანაში მუშაობს. 2019 წელს სააგენტომ პროექტების დასაფინანსებლად 14 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.
2016 წელს თბილისში რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა დამყარდა, რამაც განაპირობა 480 მილიონი ევროს ვალდებულებების აქტიური პორტფელის შექმნა სოფლის მეურნეობის, წყლის, სოციალური დაცვისა და ურბანული მობილობის სექტორებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.afd.fr.

ევროკავშირი

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 350 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს. ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ეკონომიკის განვითარებაში, განათლების, მმართველობის, ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის სფეროებში. აღნიშნული დახმარება სხვადასხვა ფორმით ხდება, კერძოდ, საქართველოს მთავრობის პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების პროექტებით, სამოქალაქო საზოგადოებისათვის განკუთვნილი გრანტებით და ევროკავშირის პროგრამებზე, როგორიცაა Erasmus+, Horizon2020 და Creative Europe, წვდომის უზრუნველყოფით. ევროკავშირი საქართველოში მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა წყალმომარაგება და წყალარინება, ნარჩენების მართვის ობიექტების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.eu4georgia.ge

გამოქვეყნებულია 11/08/2020

გვერდის დასაწყისი