უვიზო რეჟიმისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია [fr]

2019 წლის 11 და 12 დეკემბერს, საფრანგეთის საელჩოს (შიდა უსაფრთხოების სამსახური), ევროკავშირის დელეგაციისა და საერთაშორისო მიგრაციის ოფისის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის განვითარების შესახებ, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

საერთაშორისო მონაწილეებს შორის იყვნენ საფრანგეთის, ევროკავშირის, შვეიცარიის, ავსტრიის, საბერძნეთის ელჩები, ასევე ესპანეთის საქმეთა რწმუნებული, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორი, გაეროს ოფისის ხელმძღვანელი, ექსპერტები სააგენტო Frontex-იდან, ხოლო საფრანგეთიდან იმ ძირითადი სტრუქტურების (საფრანგეთში მყოფ უცხოელთა გენერალური სამმართველო, სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველო, საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი და უიაზის დეპარტამენტის პრეფექტურა) წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნული პრობლემატიკა ეხებათ. საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.

საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოების ამ კონკრეტული ზომის წარმატების დადასტურების გარდა, კონფერენცია მიზნად ისახავდა, ევროპის თავშესაფრის სისტემის არამიზნობრივი გამოყენების მაჩვენებლის ზრდაზე, ასევე საქართველოს მოქალაქეების არალეგალური და სამკურნალო მიზნით განხორციელებულ მიგრაციაზე მსჯელობას.

შენგენის ზონის რამდენიმე ქვეყნის და ასევე საქართველოს წარმომადგენლებმა ორგანიზატორებთან ერთად იმუშავეს სასაზღვრო კონტორლის, საქართველოში სამედიცინო დაზღვევისა და ლეგალური შრომითი მიგრაციის დარეგულირების საკითხებზე. კონფერენციამ თვალსაჩინო გახადა საქართველოსა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის ამ საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის მასშტაბი და წარმატება და მონაწილეებს დარჩენილი გამოწვევების შესახებ დისკუსიის საშუალებაც მისცა.

ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირისა და საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა, რომლის შენარჩუნებასა და სათანადოდ შესრულების საჭიროებაზე ყველა თანხმდება.

კონფერენციის დასასრულს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას, რომელმაც ორი დღის განმავლობაში თავი მოუყარა აღნიშნულ თემაზე მომუშავე საერთაშორისო და ქართველ მონაწილეებს და ოპერატიული და კონკრეტული ზომების მიღების მიზნით, ერთობლივ სამუშაო პროცესში ჩართო როგორც ინსტიტუციური პარტნიორები, ასევე სფეროში მომუშავე აქტორები.

გამოქვეყნებულია 14/01/2020

გვერდის დასაწყისი