ფრანგული გასტრონომიის დღესასწაულის « Goût de France / Good France » მე-5 გამოშვება საქართველოში [fr]

ფრანგული გასტრონომიის მსოფლიო მასშტაბის დღესასწაული « Goût de France » საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შეფ-მზარეულ ალენ დუკასის ინიციატივით შეიქმნა. 2019 წელს, უკვე ზედიზედ მეხუთედ, მთელი მსოფლიოს შეფ-მზარეულები ფრანგული კულტურის კულინარიულ მემკვიდრეობასა და მისთვის დამახასიათებელ გემრიელად მირთმევის ხელოვნებას ზეიმობენ. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში შერჩეული შეფ-მზარეულები, 21 მარტის საღამოს, 5 კონტინენტზე და 150-ზე მეტ ქვეყანაში, « ფრანგულ ვახშამს » შემოგთავაზებენ.

JPEG
2019 წლის ღონისძიება მიეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა მდგრადი გასტრონომია და ადგილობრივი ნიადაგი. საქართველოსთვის ეს თემები განსაკუთრებულად ძვირფასია, მის ნიადაგზე მოსული პროდუქტების გემოსა და სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკის გამო.

მსოფლიო რეპუტაციის მქონე შეფ-მზარეული და რესტრონის მეპატრონე ჟან-პიერ ქსირადაკისი ღონისძიება "Goût de France"-თან დაკავშირებით საქართველოს ეწვევა. ის ცნობილია იმით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის სამზარეულო. 1968 წლიდან, ის იცავს გასტრონომიას, რომელიც პატივს სცემს ბუნებას, სეზონებსა და ტრადიციას. მის რესტორანს “La Tupina” New York Times-ის, Washington Post-ისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოები აქვს მოპოვებული.

საქართველოში ფრანგი შეფ-მზარეულები ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ კერძებს ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებით, რათა ხაზი გაუსვან კავშირს გასტრონომიასა და მდგრადობას შორის. ისინი დააგემოვნებენ სამცხე ჯავახეთში მდებარე უდეს მონასტრისა და ფოკას მონასტრის პროდუქტებს ; გაეცნობიან ადგილობრივი სამონასტრო კულინარიის ტრადიციას მისი პოპულარიზაციის მიზნით. კახეთში, იმავე მიზნით, დააგემოვნებენ ადგილობრივი ენდემური ხორბლის სახეობისგან მიღებულ პროდუქტს. ფრანგი მზარეულები ალავერდის მონასტრის ბერებთან ერთად მოამზადებენ ფრანგულ სადილს. სადილი მომზადდება ქართული ადგილობრივი და სეზონური პროდუქტებისგან, სააღდგომო მარხვასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

20 მარტს, ფრანგი შეფ-მზარეულები გაუძღვებიან ღია დისკუსიას « მდგრადი გასტრონომიის მიზნებზე საქართველოსა და საფრანგეთში », რომელიც გაიმართება რესტორანში « ჩვენი », გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, შეფ-მზარეულ გურამ ბაღდოშვილისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლის თანდასწრებით. მონაწილეები ისაუბრებენ ქართული პროდუქტისთვის უპირატესობის მინიჭების მნიშვნელობაზე, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის შესახებ.

21 მარტს, შეფ-მზარეულები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიულ აკადემიაში ახალბედა ქართველი მზარეულებისთვის ჩაატარებენ მასტერკლასს « ქართული ნიადაგი », რომლის განმავლობაშიც ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტი დამუშავდება.

21 მარტს გაიმართება აგრეთვე « Goût de France / Good France »-ის საზეიმო ვახშამი. საფრანგეთის საელჩოს პარტნიორი ქართული რესტორნები, აღნიშნულ საღამოს, “ფრანგულ ვახშამს” შემოგთავაზებენ. მენიუ წინა პლანზე გამოიტანს ფრანგული კულინარიის ტრადიციას : კერძების თანმიმდევრობასა და კერძებისა და ღვინის დაბალანსებულ შეხამებას. ფრანგი შეფებისგან შემდგარმა კომიტეტმა ქართველი მონაწილეები ხარისხისა და შემოთავაზებული მენიუს ჰარმონიულობის კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია.

შემდეგი ქართული რესტორნები მენიუს « ფრანგულ სტილში » შემოგთავაზებენ :

  • თბილისში :
    - « ბარბარესთან », რომელიც შემოგთავაზებთ პოსტ-რენესანსულ სამზარეულოსადმი მიძღვნილ მენიუს « ერისთავი-ბურბონ »,
    - « ჩვენი »,
    - « ტარტინი »,
    -  The Kitchen
  • ბათუმში : შერატონის რესტორანი « 360° ».

რეკომენდებულია რეზერვაციის გაკეთება დღეიდანვე.

საფრანგეთის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, კომპანიებს « აჭარა ჯგუფი », « ბადაგონი » და « ლუკასი » მათ მიერ ღონისძიებისთვის « Goût de France » აღმოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერის გამო.

გამოქვეყნებულია 27/03/2019

გვერდის დასაწყისი