ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის განახლება ავიაციის სფეროში [fr]

2018 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა (GCAA) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარ დეპარტამენტს (DGAC) შორის, ხელი მოეწერა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას 4 წლის ვადით. ღონისძიებას დაესწრო საქართველოში საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე.

აღნიშნული პროგრამა 2014 წელს გაფორმებული პროგრამის გაგრძელებაა. გასული პერიოდის განმავლობაში, პროგრამამ მრავალ ქართველ საჰაერო მეთვალყურესა და სამოქალაქო ავიაციის ქართველ ექსპერტს საშუალება მისცა, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სკოლაში (ENAC) მიეღოთ განათლება.

ბერტრან დე ლაკომბი, DGAC-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს: „ამ თანამშრომლობის განახლება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის ჩვენ ორ სტრუქტურას შორის ნაყოფიერი ურთიერთობა გავაგრძელოთ საჰაერო ტრანსპორტის ყველა აქტუალურ საკითხზე : მიმოსვლის ზრდა, საავიაციო საიმედოობა და უსაფრთხოება, საჰაერო მიმოსვლის მართვა, გარემოსდაცვითი გამოწვევები მაგალითად“.

საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე მიიჩნევს, რომ ეს თანამშრომლობა საავიაციო დარგში ორმხრივი ურთიერთობის ხარისხის მაჩვენებელია. საფრანგეთი მოწინავე ქვეყანაა საავიაციო სფეროში და ამ სექტორის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, Airbus-ის, Thales-ისა და MeteoFrance-ის, ასევე პილოტაჟისა და საავიაციო ინჟინერიის უმაღლესი სკოლების წყალობით. საქართველოში DGAC-ის ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირისა და საქართველოს აეროპორტებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდასთან მიმართებაში, რაც განპირობებულია ქვეყანაში ტურიზმის მიმდინარე აღმავლობით.

გარდა ამისა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (GAU) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სკოლა (ENAC) გეგმავენ თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას. ENAC ევროკომისიას წარუდგენს კანდიდატურას ERASMUS+ გრანტის მოსაპოვებლად, რათა ორ დაწესებულებას შორის სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამა დააფინანსოს.

საფრანგეთი საავიაციო სწავლების სფეროში მსოფლიოს თვალსაჩინო ცენტრია. საავიაციო დარგის მრავალმა ქართველმა პროფესიონალმა უკვე მიიღო განათლება საფრანგეთის სპეციალიზებულ საინჟინრო დაწესებულებებში, როგორებიცაა ENAC, ISAE-Supaéro, ESTACA და სხვა.

JPEG - 12.1 Mo
La cérémonie de signature de l’accord de coopération
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
JPEG - 8.2 Mo
ქართული და ფრანგული მხარის წარმომადგენლები
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია 24/09/2018

გვერდის დასაწყისი