ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში [fr]

2018 წლის 10 დეკემბერს საფრანგეთში ჩატარდა ოპერაცია, რომლის შედეგად დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც კავშირი ჰქონდა რონა-ალპების რეგიონში ჩადენილ სერიულ ქურდობებში მონაწილე სამხრეთ კავკასიის სხვა მოქალაქეებთან.

სამართლებრივი საქმე, რომელიც დაიწყეს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მობილური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ოფისის (OCLDI) სამსახურებმა და რომელშიც ოპერატიული თვალსაზრისით ჩართული იყო საქართველოს კრიმინალური პოლიცია, დასრულდა საფრანგეთში მრავალ ქურდობაში მონაწილე ოცზე მეტი ადამიანის დაკავებით.

ეს ოპერაცია არის ახალი ეტაპი არა მხოლოდ ორმხრივი ფრანგულ-ქართული, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც, რადგან მასში მონაწილეობდა ევროპული პოლიციის სააგენტო EUROPOL, რომელიც მდებარეობს ჰააგაში და რომელთანაც საქართველომ 2017 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ. ამას გარდა, 2018 წლის 4 ივლისს საფრანგეთის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტექნიკურ შეთანხმებას, რომელიც აადვილებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ სპეციალიზირებულ სამსახურებს შორის ურთიერთგაცვლას. ეს შეთანხმება ქართველ პოლიციელებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ საფრანგეთში მიმდინარე გამოძიებებში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, შიდა უსაფრთხოების საქართველოს რეგიონული სამსახურის მხარდაჭერით საქართველოს კრიმინალური პოლიციისთვის ტარდება ოპერატიული სწავლებები ამ თემატიკაზე და სხვა საკითხებზეც, როგორიცაა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერდანაშაული.

PNG - 1.4 Mo
საქართველოს შინაგას საქმეთა სამინისტროში გამართული პრესკონფერენცია ბ-ნი ბრუნო ბალდუკის, შიდა უსაფრთხოების ატაშეს მონაწილეობით
ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია 15/01/2019

გვერდის დასაწყისი