ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის [fr]

2020 წლის 21 ივლისს ოფიციალურად შეიქმნა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო. იგი ზედამხედველობას გაუწევს პროექტის განხორციელებას და მის შეუფერხებელ მართვას უზრუნველყოფს. საბჭოს შექმნის დებულებას ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხევკელმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი ფრანგულ-ქართული ინსტიტუციური თანამშრომლობაა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. მისი მიზანია, ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სასწავლო პროგრამის განვითარება და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგული დიპლომების გაცემა. სწავლების ენებია ფრანგული, ინგლისური და ქართული.

რამდენიმე წამყვანი ფრანგული და ქართული უნივერსიტეტი ჩართულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის განხრით.

2020-2021 წლის აკადემიური წლის ფარგლებში, რამდენიმე უნივერსიტეტში ორი პროგრამის განხორციელება დაიწყება : ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო « რძის მრეწველობაში პროდუქციის მენეჯმენტის » საბაკალავრო პროგრამა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარტნიორობა აგრეთვე ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამის დაარსებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.

საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის შეთანხმებას « ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის » პროექტის განხორციელების შესახებ 2018 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.

გამოქვეყნებულია 17/09/2020

გვერდის დასაწყისი