ფრანკოფონია; ფრანგი მწერალი თბილისში

JPEG
ჟან-ფილიპ არუ -ვინიო 1958 წელს, ბორდოში დაიბადა. ოჯახში, სადაც 6 ვაჟი იზრდებოდა. მის ბავშვობას სათავგადასავლო და დეტექტიური რომანების კითხვამ დაამჩნია კვალი. კითხვით გატაცებულმა, საბავშვო გამოცემების ყველა წიგნი წაიკითხა, შემდეგ კი შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებს "შეუტია". სკოლაში სწავლისას, მის საყვარელ თამაშს დეტექტივობანა წარმოადგენდა; ამ დროს იწყებოდა დაშიფრული კოდების ამოხსნა, შემთხვევითი სამხილების მიგნება და კვალში ჩადგომა. დეტექტივებისადმი ამგვარმა სიყვარულმა არუ -ვინიოს მალევე ააღებინა ხელში კალამი (1984 წლიდან) და ისეთი წიგნების გამოშვება დააწყებინა, რომელთა წაკითხვაც საკუთარ ბავშვობაში გაუხარდებოდა. მისი გმირების თავგადასავლები სწორედ იმ იდუმალებითაა მოსილი, რომელიც თავად აკლდა ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში.

არუ-ვინიო შერბურში, ტულონსა და ანტიბში ცხოვრობდა. უმაღლეს სკოლაში (Ecole Normale Supérieure) სწავლის დასრულების შემდეგ, პარიზის რეგიონის ერთ-ერთი კოლეჯის ფრანგული ენის მასწავლებელია. მოსწავლეებთან ურთიერთობა, რასაკვირველია, რომანების შესაქმნელად მდიდარ მასალას აწვდის. 1994 წლის ივნისიდან, არუ-ვინიო მასწავლებლობას უთავსებს გამომცემლობა გალიმარის საბავშვო განყოფილების კოლექციების "თეთრი გვერდისა" და "შავი გვერდის" ხელმძღვანელობას.

თბილისში ყოფნისას მწერალი 151-ე სკოლას ეწვევა "ნაუტიბუსით", 17 მარტს, 17 საატზე, ფრანგული კულტურის ცენტრში გამომცემლებსა და მთარგმნელებს შეხვდება. იქნება ფრანკოფონიის თვის განმავლობაში მოწყობილი სასკოლო და სტუდენტური კონკურსების ჟიურის თავმჯდომარე. 19 მარტს, 15 საათზე, ფრანგული კულტურის ცენტრში, ქართველ სკოლის მოსწავლეებსა და მკითხველებს შეხვდება, ხოლო 20 მარტს, 15 საათზე, მონაწილეობას მიიღებს ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში კინოთეატრ "რუსთაველში" ( ანდრე ტეშინეს ფილმის "გზააბნეულების" ჩვენება ფრანგულ ენაზე და კონკურსის "ფრანკოფონიის 10 სიტყვის" გამარჯვებულების დაჯილდოება).

ჟან- ფილიპ არუ-ვინიოს წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში.

გამოქვეყნებულია 20/09/2007

გვერდის დასაწყისი