ქართველი სტუდენტი საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო საინჟინრო სასწავლებელში მიიღეს [fr]

ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ფიზიკის დარგში, გელა პატაშური, რომელიც Forbes Georgia-ს მიხედვით, ყველაზე წარმატებულ 30 წლამდე ახალგაზრდების სიის წევრია, საფრანგეთის École polytechnique-ში მიიღეს.

გამორჩეული აკადემიური მიღწევების წყალობით, მან სასწავლებლის დაფინანსებაც მოიპოვა და დამატებით, სპონსორის, სამშენებლო კომპანია "ფერის" მხარდაჭერაც, რათა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საინჟინრო სასწავლებელში შეძლოს სწავლის გაგრძელება. École polytechnique-ში მოსახვედრად, გელამ გასაუბრება გაიარა და რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა მოუწია, რასაც თავი ბრწყინვალედ გაართვა. ის ჩარიცხულ 22 უცხოელ კანდიდატს შორის მოხვდა და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტს, რომელსაც უნივერსიტეტმა სწავლის საფასური სრულყოფილად, 15 000 ევროთი დაუფინანსა. კიდევ ერთი სპონსორი, სამშენებლო კომპანია "ფერი" მის პარიზში ცხოვრების ხარჯებს წელიწადში 12 000 ევროს ოდენობით დააფინანსებს.

გელა პატაშური ფიზიკით მერვე კლასში დაინტერესდა და მას შემდეგ, მიზნად აქვს დასახული, გახდეს თეორეტიკოსი ფიზიკოსი, რომელიც თანამედროვე ფიზიკის გადაუჭრელ საკითხებზე იმუშავებს. ამისათვის მან საფრანგეთის უმაღლესი სკოლა აირჩია, რომელიც პირველობისა და წარმატების სინონიმია, განსაკუთრებით აღნიშნულ დარგში.

გელამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო ოლიმპიადაში, თუმცა გარდა ამისა, ის ფიზიკის მასწავლებლად მუშაობს და ასევე ხელმძღვანელობს ონლაინ გაკვეთილების პლატფორმას « Innovation Online Project ». იგი საქართველოს საუკეთესო ფიზიკა-მათემატიკური, კომაროვის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულია. ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა სკოლის მეგობრებთან ერთად.

სექტემბრიდან გელა პარიზში გაემგზავრება და ახალ სტუდენტურ ცხოვრებას დაიწყებს. გელასთვის ეს არჩევანი უდავო იყო. მან მიიღო გადაწყვეტილება, საფრანგეთისთვის მიენიჭებინა უპირატესობა, მისი ისტორიისა და კულტურის გამო, რომლითაც ყოველთვის ინტერესდებოდა. ქართველ სტუდენტს გაცნობიერებული აქვს, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდება ფრანგულ სასწავლებელში სრული ინტეგრაციისთვის, კულტურული განსხვავებების გამო, თუმცა სწამს, რომ არაჩვეულებრივი პროფესორების მხარდაჭერა ექნება.

გამოქვეყნებულია 21/08/2019

გვერდის დასაწყისი