ქ-ნი ლალი უნაფქოშვილის დაჯილდოება აკადემიური პალმების ორდენით [fr]

2021 წლის 8 თებერვალს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა, ქალბატონ ლალი უნაფქოშვილს - ქალაქ თბილისის მერიის საერთაშორისო სამსახურის მრჩეველს, თბილისთან დაძმობილებულ ქალაქ ნანტთან და ფრანკოფონიის ინსტიტუციებთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელ პირს - აკადემიური პალმების ოფიცრის ორდენი გადასცა.

ქ-ნმა ლალი უნაფქოშვილმა თავისი მრავალფეროვანი მოღვაწეობით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული კულტურის საფრანგეთში, ხოლო ფრანგული კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას. მისი მუდმივი ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბდა და განვითარდა საფრანგეთის ქალაქ ნანტსა და თბილისს შორის გაცვლითი ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ნანტისა და თბილისის დაძმობილების ორმოცი წლის იუბილე აღინიშნა.

ცოტა ხნის წინ მან ქართულად თარგმნა ჟიულიენ გრაკის წიგნი „ქალაქის ფორმა“, რომელშიც მწერალი ნანტზე გვესაუბრება. თარგმანი გამოქვეყნდა და 2020 წლის დეკემბერში გადაეცა საქართველოს მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანისათვის.

აკადემიური პალმების ორდენი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1808 წელს იმპერატორ ნაპოლეონ I-მა დააარსა.

გამოქვეყნებულია 24/02/2021

გვერდის დასაწყისი