შეთანხმება მონპელიესა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის

სამშაბათს, 14 ნოემბერს, უნივერსიტეტ - პოლ ვალერი მონპელიე 3-სა და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ამა წლის თებერვალში დადებული ხელშეკრულების 4 შესწორებას. თავდაპირველი ხელშეკრულება 2000 წელს იქნა დადებული და ოფიციალურ სტატუსს ანიჭებდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ 1997 წელს წამოწყებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ამ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის.

უკვე მოქმედებს ფრანგული - უცხო ენისა და გამოყენებითი უცხო ენების განყოფილებები, რომლის ქართველი სტუდენტებიც ფრანგულ და ქართულ დიპლომებს იღებენ. განყოფილებაში ამზადებენ კვალიფიციურ, ოთხენოვან (ქართული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები) სპეციალისტებს ეკონომიკის, სამართლის, ტურიზმისა და, რასაკვირველია, განათლების სფეროში. ქართული დიპლომის გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე შერჩეული სტუდენტები ქართულ-ფრანგულ კურსს გადიან და იღებენ მონპელიეს უნივერსიტეტის ბაკალავრის (Licence) ან მაგისტრის (Master) დიპლომს.

ფრანგი მასწავლებლები (მონპელიედან და ფრანგული - უცხო ენის სტაჟორები) საფრანგეთში გადამზადებულ მასწავლებლებთან ერთად ასწავლიან უნივერსიტეტის ფრანგულენოვან განყოფილებებში.

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ქართულ უნივერსიტეტს, ფრანგი მასწავლებლის ხარჯების დაფინანსების გარდა, აძლევს მაგისტრატურის (Master 2) სასწავლო სტიპენდიებს და აფინანსებს მონპელიეში სტაჟირებისთვის გამგზავრებული საუკეთესო სტუდენტების გზის ხარჯებს.

ცოტა ხნის წინათ, ფრანგულენოვანმა განყოფილებამ მიიღო « Tempus »-ის პროგრამის დაფინანსება ევროპული მასტერის შესაქმნელად და რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია დოკუმენტაციის ცენტრის შექმნა და ლექტორ-მასწავლებელთა და სტუდენტების გამგზავრება ევროპულ უნივერსიტეტებში.

ამა წლის თებერვალში ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას შემდეგ სფეროებში : თანამედროვე ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნების ისტორია, ეკონომიკური და სოციალური ადმინიტრირება, ინგლისურენოვანი სამყაროს ცივილიზაციის შესწავლა.გადაწყდა 2007 წლის გაზაფხულზე ენების დიდაქტიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კოლოქვიუმის ჩატარება.

ფრანგულ დელეგაციას ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტ პოლ ვალერი მონპელიე 3-ის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი მარი-პოლ მასონი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნი ფრანსუაზ კრიგი.

საფრანგეთის ელჩმა, ბატონმა ფილიპ ლეფორმა ამ დელეგაციის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით სამშაბათს, 14 ნოემბერს მოაწყო ვახშამი, რომელსაც დაესწრნენ ფრანგული და ქართული უნივერსიტეტებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

გამოქვეყნებულია 11/12/2006

გვერდის დასაწყისი