Air France-ის პირველი ფრენის ინაუგურაცია პარიზიდან თბილისის მიმართულებით [fr]

2019 წლის 31 მარტს, Air France-მა პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა პარიზიდან თბილისის მიმართულებით, რითაც 2019 წლის საზაფხულო სეზონის ახალი მიმართულება გახსნა.

JPEG
თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენისას, თვითმფრინავს ტრადიციული წყლის შადრევანით მიესალმნენ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული ფრენის პირველი მგზავრი იყო, რომელმაც, დახვედრის ცერემონიაზე, ორ დედაქალაქს შორის ამ პირდაპირი კავშირის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე, Air France-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი, სებასტიენ გუიო, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ორი ქვეყნის ტურიზმის სექტორისა და სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები. მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ სამოგზაურო სააგენტოები, ფრანგი ბლოგერები და ჟურნალისტები.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, იგი მოხარულია, რომ Air France-სა და საქართველოს ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს ქართული ტურიზმისთვის, რომლის განვითარებაშიც ეს ახალი პირდაპირი რეისი თავის წვლილს შეიტანს. ახალი მიმართულების მიზანია, საფრანგეთსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერება. ის უფრო მეტი ფრანგული და ევროპული კომპანიის, ასევე მოგზაურებისა და ტურსიტების საქართველოში მოზიდვას შეუწყობს ხელს. ახალი პირდაპირი რეისის გათვალისწინებით, პარიზსა (CDG) და თბილისს (TBS), ამიერიდან, ოთხი პირდაპირი ფრენა დააკავშირებს.

გამოქვეყნებულია 24/04/2019

გვერდის დასაწყისი