"Goût de France" "ტარტინში": "მონაწილეობა დიდი პასუხისმგებლობაა” [fr]

ინტერვიუ შეფ-მზარეულ გიორგი მაქაცარიასთან, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან ბრასერია “ტარტინის” სამზარეულოს ჩაუდგა სათავეში.

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ფრანგულ გასტრონომიულ მსოფლიო დღესასწაულში მიგეღოთ მონაწილეობა 21 მარტს. რას წარმოადგენს თქვენთვის ფრანგული კულინარიული ტრადიცია?

როგორც ყველა შეფ-მზარეული, ასევე მეც უდიდეს პატივს ვცემ ფრანგულ კულინარიას, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია და მასში პროდუქტებს შორის ზომიერება და წონასწორობა გასაოცარია.

რაც შეეხება "Goût de France"-ს, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა დიდი პასუხისმგებლობაა. ეს მიუთითებს, რომ ვიცით საით მივდივართ, რომ ყველაფერს იმგვარად გავაკეთებთ, რომ ჩვენმა სტუმრებმა სიამოვნება მიიღონ ამ ურთიერთობისგან.

რა ადგილი უჭირავს შეფ-მზარეულს « ტარტინში »?

ზოგადად, შეფ-მზარეული უნდა იყოს ჩამოყალიბებული პიროვნება, ასევე კომუნიკაბელური, უნდა უყვარდეს თავისი საქმე, პატივისცემით ეპყრობოდეს თანამშრომლებს და ერთ მუშტად უნდა ჰქონდეს შეკრული სამზარეულო. « ტარტინის » შემთხვევაში, მას ასევე უნდა ჰქონდეს მდიდარი ფანტაზია. « ტარტინის » პირველი მფლობელები ფრანგები იყვნენ, სწორედ მათ შექმნეს ეს გარემო, რომელიც ასე მოსწონთ საქართველოში მცხოვრებ ფრანგებს. დღეს შეფის როლი უდიდესია ამ თავდაპირველ კონცეფციასა და რესტორნის განვითარებას შორის წონასწორობის შენარჩუნების საქმეში. ეს ჩვენი გამოწვევაა, ჩვენი, ვისაც არასოდეს დაგვიდგამს ფეხი საფრანგეთში ! საბედნიეროდ, სასარგებლო რჩევებს ვიღებთ ჩვენი ძველი ფრანგი კოლეგებისგან.

რას წარმოადგენს თქვენი დაწესებულება თბილისის კულინარიული ცხოვრებისთვის ?

« ტარტინმა » უკვე დიდი ხანია, რაც დაიმკვიდრა ადგილი თბილისის გასტრონომიაში და დღემდე ინარჩუნებს ფრანგული ტრადიციების მატარებლის სახელს. იგი არ აპირებს გაჩერებას და მრავალ სიახლეს შესთავაზებს მომავალშიც სტუმრებს.

ჩვენთვის, აგრეთვე, ძალზედ ძვირფასია ის ადგილი, რაც « ტარტინს » თბილისელი ფრანგების გულებში უკავია : პეტანკის თამაშისადმი მიძღვნილი დღეები, ფეხბურთში საფრანგეთის ნაკრების მატჩების ტრანსლირება და სხვა. გვსიამოვნებს, რომ ისინი აქ როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობენ თავს.

თქვენი რესტორანი მთელი წლის განმავლობაში ფრანგული სამზარეულოს მიმდევარია, რას გვიმზადებთ "Goût de France"-ის მენიუსთვის ?

"Goût de France"-ის მენიუსთვის ჩვენ ვგეგმავთ, სტუმრებს შევთავაზოთ უკვე კარგად ნაცნობი კერძები, ჩვენებური ინტერპრეტაციით. მგონი, საინტერესო უნდა გამოვიდეს.

თქვენი აზრით, რა შეუძლია მოუტანოს საფრანგეთთან თანამშრომლობამ ქართულ კულინარიას ?

ქართული სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეულია კავკასიურ სამზარეულოებში და აქვს დიდი პოტენციალი, რათა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. ამისათვის, კარგიც არის და თან აუცილებელიც, ისეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა, როგორიც საფრანგეთია.

რომელი ფრანგი შეფია თქვენი შთაგონების წყარო ?

პირადად ჩემთვის, მთავარ შთაგონების წყაროდ ითვლება ალენ პასარი და მისი შემოქმედება.

JPEG - 165.3 ko
გიორგი მაქაცარია
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 15/03/2018

გვერდის დასაწყისი