ქალთა უფლებები : საფრანგეთის საქმიანობა საქართველოში [fr]

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია ქალთა და კაცთა თანასწორობა და ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა მთელ მსოფლიოში და ახორციელებს ნებაყოფლობით და ამბიციურ ფემინისტურ დიპლომატიას ამ ვალდებულების შესასრულებლად.

8 მარტი, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთვის არის მის მიერ წამოწყებული იმ ქმედებების შეხსენების შესაძლებლობა, რომელთა მეშვეობით ეს ვალდებულება რეალობა უნდა გახდეს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქარველოს ბიუროს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ბოლო ეროვნული კვლევის მიხედვით, ყოველ მეორე ქართველ ქალს გამოუცდია ძალადობის სულ მცირე ერთი ფორმა ცხოვრებაში, ხოლო თითქმის ყოველ მეოთხე ქალს - სექსუალური ძალადობა.

ეს საშინელი მონაცემები გვახსენებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს პასუხები არსებულ ვითარებაზე, გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერასა და მთელ მსოფლიოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებასთან ერთად.

ამ თვალსაზრისით, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში გააფორმა პარტნიორობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან, რათა 100 000 ევროს ოდენობის კონტრიბუციით მხარი დაუჭიროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის განახლებასა და ფუნქციონირებას. ეს არის საკვანძო პროექტი რეგიონში, სადაც სექსისტური და სექსუალური ძალადობის შემთხვევები მრავალრიცხოვანია და სადაც მსხვერპლებს ამ დრომდე არ ჰქონდათ წვდომა სპეციალიზებულ დამხმარე სერვისებზე.

ჩვენი ჩართულობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი არ არის და წლების განმავლობაში მრავალი ინიციატივით ხორციელდებოდა. 2022 წელს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ადამიანის უფლებათა პრემია მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციას „მერკური“, რათა მხარდაჭერა აღმოეჩინა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებისთვის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილებისთვის განკუთვნილ პირველ თავშესაფარში სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში.

ეს პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

პროფესიული თანასწორობისა და ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ემანსიპაციის ხელშეწყობა

ქალისა და მამაკაცის პროფესიული თანასწორობა ჩვენი ფემინისტური დიპლომატიის კიდევ ერთი პრიორიტეტია. ჩვენი მიზნებია თანაბარი ხელმისაწვდომობა დასაქმებაზე, ქალებისთვის კვალიფიციური პროფესიული სწავლებების შექმნა და ასევე, თანაბარი ანაზღაურება ქალებსა და მამაკაცებს შორის. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოღვაწე ჩვენს კომპანიებს მასში მონაწილეობისკენ, პარიტეტული და არადისკრიმინაციული ინკლუზიური პოლიტიკის გამოყენებით დასაქმების დროს.

საფრანგეთის გუნდი საქართველოში ასევე მუშაობს ქალების ემანსიპაციისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. ეს კონკრეტულად გამოიხატება „პროპარკოს“ მიერ „თიბისი ბანკისთვის“ გაწეულ მხარდაჭერაში, რათა ქართველი მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს.

ფრანგული დიპლომატიის საქმიანობა ასევე არის ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში. საქართველოში, ჩვენი მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის „ქალი და განვითარება“ ხელს უწყობს გორის რეგიონის ქალების მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივ წარმომადგენლობით სტრუქტურებში. ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და სადისკუსიო კლუბებში მონაწილეობის წყალობით სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბება, ქალთა საარჩევნო და სამოქალაქო უფლებები ან თუნდაც მედია ინსტრუმენტების გამოყენება, რამდენიმე ბენეფიციარმა ქალმა არჩევანი გააკეთა, თავისი კანდიდატურა წარედგინა 2024 წლის საქართველოს საკანონმდებლო არჩევნებზე.

ქალების პოპულარიზაცია სპორტში

2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, გაძლიერდეს ქალთა სპორტის მედიაში გაშუქება და განვითარდეს ქალების სპორტული აქტივობა.

წელს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში წარმოაჩენს ქალებს სპორტში, საფრანგეთისა და საქართველოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებთან პარტნიორობით შექმნილი ფოტოგამოფენის მეშვეობით. იგი მიეძღვნება ქართველ და ფრანგ ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონ ქალებს, რომლებიც თავიანთი ღვაწლით ხელს უწყობენ ქალთა სპორტის გაბრწყინებას და ყოველდღიურად ახალი მოწოდებებისკენ სწრაფვას.

კვლევა და საუნივერსიტეტო სტიპენდიები

და ბოლოს, საფრანგეთს საქართველოში ასევე სურს, ადგილი დაუთმოს ქალ სტუდენტებს საუნივერსიტეტო თანამშრომლობისა და ქართველი ტალანტების მომზადების სფეროში.

საფრანგეთი ამაყობს იმით, რომ საფრანგეთში სასწავლებლად ჩამოსულ ქართველთა შორის 67% ქალია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ქალებს სასწავლო გეგმებსა და სამეცნიერო კარიერაში ჩვენი სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ თანადაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებულთა 82%, ხოლო რუსთაველის ფონდის მიერ თანადაფინანსებული ჩვენი პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამის ლაურეატთა 100% ქალია.

წელს, ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ მეცნიერ ქალთა მხარდაჭერაში. 8 მარტთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებენ კონკურსს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ქალი დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის. გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ, ერთთვიანი მობილობით ფრანგულ კვლევით ლაბორატორიაში გაემგზავრონ. თვითმფრინავის ბილეთები დაფინანსდება და გამარჯვებულები მიიღებენ კვლევით შემწეობას. ეს არის გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული გზა.

გამოქვეყნებულია 08/03/2024

გვერდის დასაწყისი