პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტის პირველი გამარჯვებულები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ [fr]

პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მას უკვე პირველი გამარჯვებულები ჰყავს.

საჯარო სამართლის დოქტორი მაკა ნუცუბიძე და ძილის მედიცინის დოქტორი, ირინე სახელაშვილი პირველები არიან, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში ერთთვიანი დაფინანსება მოიპოვეს.

პროგრამის ფარგლებში, მაკა ნუცუბიძე 2021 წლის სექტემბერში მიიწვიეს ბორდოს უნივერსიტეტის, ვაზისა და ღვინის მეცნიერებათა ინსტიტუტში.

შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი სპეციალობისა და ამ კვლევითი მობილობის პროექტის შესახებ ?

ამჟამად ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის ასისტენტ-პროფესორი. მინიჭებული მაქვს საჯარო სამართლის დოქტორის ხარისხი. ჩემი კვლევითი პროექტი ეხება სრულიად ახალ და ინოვაციურ თემას, რომელსაც საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: „ღვინის სამართლის ჰარმონიზაცია საქართველოში (ევროპული სამართლისა და ფრანგული სამართლის შედარებითი შესწავლა)“.

რატომ აირჩიეთ ბორდოს უნივერსიტეტი?

ჩემი მიზანია შევისწავლო ვაზისა და ღვინის შედარებითი სამართალი. ვფიქრობ, ფუნდამენტალურია, ევროსტანდარტების, კერძოდ, კი საფრანგეთის სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში, შედარებითი კვლევის ჩატარება. სწორედ ამ კონტექსტში დავუკავშირდი ვაზისა და ღვინის მეცნიერებათა ინსტიტუტს, ბორდოს უნივერსიტეტის მულტიდისციპლინურ ინსტიტუტს.

როგორ ფიქრობთ, გაცვლითი პროგრამები და კვლევის მობილურობა რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი მკვლევრებისთვის?

ვფიქრობ, ჩემი სამეცნიერო-კვლევითი მობილურობა ბორდოს უნივერსიტეტის ვაზისა და ღვინის მეცნიერებათა ინსტიტუტში ხელს შეუწყობს ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის გაღრმავებას. მობილობა, თუნდაც ხანმოკლე, არის საშუალება შევხდეთ უცხოელ მკვლევარებს, დოქტორანტებს და პროფესორებს. საფრანგეთში სასწავლო პროექტის განხორციელება საშუალებას მომცემს მიღებული ცოდნა საქართველოში დავნერგო.

რა რჩევას მისცემდით იმ სტუდენტებს და მკვლევრებს, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ამ პროგრამით ?

2004 წლიდან ჩემს ყველა სტუდენტს ვურჩევ, მონაწილეობა მიიღონ საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამებში. 2003-2004 წლებში თავად ვიყავი საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრანის გამარჯვებული, რამაც საშუალება მომცა, სამაგისტრო პროგრამა განმეხორციელებინა საფრანგეთში. მას შემდეგ, აქტიურად ვეწევი ამ პროგრამის პოპულარიზაციას სტუდენტებში.

პროგრამის მეორე გამარჯვებულს, ირინე სახელაშვილს ლიონის ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა Inserm-მა უმასპინძლა. მისი კვლევის თემაა: « სტრესისა და ძილის დარღვევებს შორის ურთიერთქმედება საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტებში ».

შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი სპეციალობისა და ამ მობილობის კვლევითი პროექტის შესახებ ?

15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავი პრაქტიკოსი ექიმი ნევროლოგი, შემდეგ გადავინაცვლე სამეცნიერო დარგში. 9 წელია ვმუშაობ ნეირომეცნიერების სფეროში, კერძოდ, ძილის მედიცინის მიმართულებით. ამ მობილობის წყალობით, გამოცდილ ფრანგ კოლეგებთან ერთად შევისწავლი კავშირს სტრესსა და ძილის დარღვევებს შორის ახალგაზრდებში.

რატომ აირჩიეთ ლიონის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევის ეროვნული ინსტიტუტი Inserm-ი ?

უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ინსტიტუტთან, კერძოდ კი ლიონის ნეირომეცნიერების კვლევით ცენტრთან (CRNL) ვთანამშრომლობ. Inserm-ს ასევე მჭიდრო კავშირი აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექიმ თენგიზ ონიანის « ძილ-ღვიძილის შემსწავლელ ლაბორატორიასთან », სადაც ამჟამად ვმუშაობ.

როგორ ფიქრობთ, გაცვლითი პროგრამები და კვლევითი მობილობა რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი მკვლევრებისთვის?

მნიშვნელოვანია მეცნიერული მიღწევებისა და ცოდნის გაზიარება. ამისათვის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. გარდა ამისა, საერთაშორისო გამოცდილება ხელს გვიწყობს განვითარდეთ, როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ დონეზეც. საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სტიპენდია შესანიშნავი ინსტრუმენტია ალიანსების შესაქმნელად და სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს შორის კავშირების დასამყარებლად.

რა რჩევას მისცემდით იმ სტუდენტებს და მკვლევრებს, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ამ სასტიპენდიო პროგრამით ?

სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ორი რამ: თქვენი პროექტის თემა და ვინ იქნება თქვენი ხელმძღვანელი. ამ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სტიპენდიაზე განაცხადის მომზადება ძალიან გრძელი პროცესია, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს. დანარჩენი დამოკიდებულია კანდიდატის მოტივაციაზე, ნებასა და შრომაზე. ბოლოს ვიტყოდი: არასოდეს დანებდეთ.

გამოქვეყნებულია 07/11/2022

გვერდის დასაწყისი